ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, გიგი უგულავა ენმ-ის ოფისში მივიდა

გიგი უგულავა
ტაბულა

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გიგი უგულავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში მივიდა. თბილისის ყოფილმა მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ დღევანდელი შეხვედრა არ იქნება საქმიანი და, უბრალოდ, თანაპარტიელების სანახავად მივიდა. 

"მოვედი, უბრალოდ, რომ ადამიანურად ვნახო ხალხი, საქმეზე ლაპარაკს უკვე ხვალიდან მოვახერხებთ. რაც შეეხება დანარჩენს, ჩემი პოზიცია უკვე ვთქვი, ვაპირებ, დაინტერესებულ პირებს შევხვდე, ვაპირებ, მიშას შევხვდე, როგორც კი მომიხერხდება. ახლა ისიც არ ვიცი, პასპორტი მაქვს, თუ არა. ასევე, იმ ხალხს, ვინც ცალკეა, რამდენიმე ჯგუფია. შევხვდები ყველას, დაველაპარაკები და თუ რაიმე საერთო ენა გამოიძებნა და თუ შევძელით, რომ კრიზისი გადავლახოთ, მე მგონი, კარგი იქნება და თუ ეს არ მოხერხდა, მაშინ ცივილიზებულად, ადამიანურად, ურთიერთპატივისცემით უნდა მოხდეს დაშორება და საერთო მიზნების იდენტიფიცირება. რაც საერთო გვაქვს, იმაზე ფოკუსირება და დარჩეს განსხვავებული განსხვავებულად. ამიტომ, გამოსავალი ყოველთვის არის. ყველაზე ცუდი არის ის, რაც ახლა [ხდება] - რაღაცნაირად ჭიდაობა მეგობრებსა და კოლეგებს შორის. ეს ძალიან ცუდია და ძალიან მოქმედებს ჩემზე," - ამბობს გიგი უგულავა. 

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დღეს გათავისუფლეს. "თბილსერვისის" ეპიზოდის საქმეზე მუხლი გადაკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების პირველი ნაწილით და სასჯელმა 1 წელი და 9 თვე შეადგინა.

თუმცა, ამნისტიის შესახებ კანონის გათვალისწინებით, თბილისის ყოფილ მერს, საბოლოოდ, 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.  

სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვა მიმდინარე წლის 4 იანვარს დაასრულა.

ყოფილი მერი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია და ე.წ. მატროსოვის ციხეში იმყოფებოდა. გიგი უგულავას მხარდამჭერები ციხესთან იყვნენ შეკრებილები და მის გათავისუფლებას ელოდებოდნენ.

კომენტარები