გიგი უგულავას საქმე

კალაძე: უგულავას კონკრეტულ საქმეებზე არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს

ტაბულა

ვიცეპრემიერი კახა კალაძე ყოფილი მერის, გიგი უგულავას გათავისუფლებას აფასებს. მისი თქმით, "კონკრეტულ საქმეებზე არსებობს კითხვები, რომლებზეც უგულავას პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევს".

"კიდევ დადასტურდა ის, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი, რამდენად სასიამოვნო, თუ არასასიამოვნოც არ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილებები ჩვენთვის. ის არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და იღებს აბსოლუტურად დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს. თუმცა, რაც შეეხება ბატონ უგულავას, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, კონკრეტულ საქმეებზე არსებობს კითხვები, რომლებზეც აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა", - თქვა კალაძემ.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა გათავისუფლეს. თბილსერვისის ეპიზოდის საქმეზე მუხლი გადაკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების პირველი ნაწილით და სასჯელმა 1 წელი და 9 თვე შეადგინა.

თუმცა, ამნისტიის შესახებ კანონის გათვალისწინებით, თბილისის ყოფილ მერს, საბოლოოდ, 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურატურა თბილსერვის ჯგუფის საქმეზე თბილისის ყოფილ მერ გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

აღსანიშნავია, რომ გიგი უგულავა რიყის ეპიზოდში სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა.

კომენტარები