ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ ფრაქციის თავმჯდომარეობიდან მელიას გადაყენების საკითხს დღეს არ განიხილავს

საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სხდომა, სადაც ფრაქციის თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენების საკითხი უნდა განეხილათ, დღეს აღარ გაიმართება.

ინფორმაცია ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურმა გვიან ღამით გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფრაქციის წევრებთან კონსულტაციები ჰქონდა გიგი უგულავას და მიუხედავად ლეგიტიმური და დასაბუთებული არგუმენტებისა, საკითხის განხილვა დღეს არ მოხდება.

"მე ვთხოვე ფრაქციის წევრებს კონსულტაციებისთვის სამი დღე და გადაწყვეტილებას ფრაქცია ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მიიღებს", - აცხადებს გიგი უგულავა.

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის თავმჯდომარე ამჟამად ნიკა მელიაა, ნაციონალური მოძრაობის 21 დეპუტატს აერთიანებს. ენმ-ის სიით გასულ კიდევ ექვს დეპუტატს უმცირესობაში შემავალი მეორე ფრაქცია, "ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის" აქვს.

მელიას გადაყენების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად პარტიის წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა გაავრცელა, რაც მოგვიანებით, ჟურნალისტებთან ირმა ნადირაშვილმაც დაადასტურა. ნადირაშვილის თქმით, მელია პოზიციებს ხშირად იცვლის და მან ვერ გაუძლო კრიტიკულ ვითარებას, რის გამოც მისი გადაყენების საკითხის განხილვა გასაკვირი არ არის.

კომენტარები