ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია რატიანს: ბავშვი არ მიჯერებს ისე, როგორც შენ ბოკერიას

ნიკა მელია
ენმ

მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი სხდომა გადაიდო, დეპუტატების ნაწილი პარლამენტის ძველ შენობაში, ფრაქციის ოთახში მაინც შეიკრიბა.

ფრაქციის თავმჯდომარემ, რომლის გადაყენების საკითხი დღეს უნდა განხილულიყო და გადაიდო, სერგო რატიანს უთხრა, რომ მას "ბავშვი არ უჯერებს ისე, როგორც ის ბოკერიას". ამას პარტიის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.


ფოტო: იმედი

"პარტიიდან გარბიხართ, ნაციონალური მოძრაობიდან გარბიხართ. შენ, ხათუნა გოგორიშვილი, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი... ბავშვი არ მიჯერებს ისე, როგორც შენ ბოკერიას უჯერებ", - უთხრა ნიკა მელიამ რატიანს.

ფრაქციის ოთახში რატიანთან და მელიასთან ერთად აკაკი ბობოხიძე და ელენე ხოშტარიაც იმყოფებოდნენ. ხოშტარიას თქმით, ნიკა მელია პარტიაში შოუს აწყობს, ბობოხიძემ კი ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებებს სპექტაკლი უწოდა. მისი თქმით, მელიას პარტიის შექმნაში "ოფლი არ აქვს დაღვრილი".

"ბოლომდე ვიბრძოლებ, ნიკა, მანამდე, რომ შენ, რომელსაც ოფლი არ გაქვს დაღვრილი ნაციონალური მოძრაობის შექმნაში... მიშა სააკაშვილის არ არის მარტო ეს პარტია, უამრავ ადამიანს ოფლი ჩაგვიქცევია და სისხლი, ვერ დაგიტოვებთ ამას", - უთხრა ბობოხიძემ მელიას.

საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სხდომა, სადაც ფრაქციის თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენების საკითხი უნდა განეხილათ, დღეს აღარ გაიმართება.

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფრაქციის წევრებთან კონსულტაციები ჰქონდა გიგი უგულავას და მიუხედავად ლეგიტიმური და დასაბუთებული არგუმენტებისა, საკითხის განხილვა დღეს არ მოხდება.

მელიას გადაყენების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად პარტიის წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა გაავრცელა, რაც მოგვიანებით, ჟურნალისტებთან ირმა ნადირაშვილმაც დაადასტურა. ნადირაშვილის თქმით, მელია პოზიციებს ხშირად იცვლის და მან ვერ გაუძლო კრიტიკულ ვითარებას, რის გამოც მისი გადაყენების საკითხის განხილვა გასაკვირი არ არის.

კომენტარები