ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია: უგულავა არ არის შემრიგებელი ადამიანი, ის არის ბოკერიას მხარე

ტაბულა

საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია მიიჩნევს, რომ პარტიაში არსებულ დაპირისპირებაში გიგი უგულავა მხარეა. ამის შესახებ მან უგულავას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის მიხედვით, თბილისის ყოფილმა მერმა სთხოვა პარტიის წევრებს, ნიკა მელიას ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხზე გადაწყვეტილება სამი დღით გადაიდოს.

"ძალიან ბევრი უცნაური დამთხვევაა, ამიტომ მე ძალიან დიდი ეჭვი მეპარება იმაში, რის საფუძველზეც გადაიდო ეს სხდომა. გიგი უგულავა არ არის არანაირი შემრიგებელი ადამიანი, ის არის მხარე, გიგა ბოკერიას გუნდის წევრი", - განაცხადა ნიკა მელიამ.

უცნაურ შემთხვევითობაზე საუბრობს პარტიის კიდევ ერთი წევრი, თინათინ ბოკუჩავა და აცხადებს, რომ პარტიაში ვიწრო ჯგუფი ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.

"ძალიან რთულია დაიჯერო ამდენი შემთხვევითობის, როდესაც, ერთი მხრივ, ნიკა მელიას ფრაქციიდან გაგდება და მისი სასამართლო პროცესი ერთ დღეს ინიშნება, ხოლო მერე ერთად მიიღება გადაწყვეტილება, რომ ჩაიშალოს და აღარ ჩატარდეს ეს სხდომა, ასევე გადაიდოს სასამართლო. ჩემთვის დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ გარკვეული ვიწრო ჯგუფი პარტიაში ცდილობს შიდაპარტიული ძალაუფლების შენარჩუნებას ნებისმიერი გზით, იქნება ეს ხალხის საპარლამენტო სიიდან გაყრა თუ შემდეგ იმის მცდელობა, რომ ნიკა მელია გააგდონ ფრაქციის თავმჯდომარეობიდან. ეს მართლა ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აუცილებლად ჩატარდეს 20 იანვრის ყრილობა ძალიან მაღალი სტანდარტით, სადაც 7 ათასი დელეგატი განსაზღვრავს იმას, თუ ვინ იქნება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობაში და რა გზით გავაგრძელებთ ბრძოლას", - უთხრა ჟურნალისტებს თინათინ ბოკუჩავამ.

საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გადაყენების საკითხი დღეს უნდა განხილულიყო, თუმცა ფრაქციის სხდომა გადაიდო. 

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფრაქციის წევრებთან კონსულტაციები ჰქონდა გიგი უგულავას და მისი თხოვნით, საკითხის განხილვა დღეს არ მოხდება.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი სხდომა გადაიდო, დეპუტატების ნაწილი პარლამენტის ძველ შენობაში, ფრაქციის ოთახში მაინც შეიკრიბა.

ფრაქციის თავმჯდომარე ნიკა მელიამ სერგო რატიანს უთხრა, რომ მას "ბავშვი არ უჯერებს ისე, როგორც ის ბოკერიას". ამას პარტიის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

მელიას გადაყენების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად პარტიის წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა გაავრცელა, რაც მოგვიანებით, ჟურნალისტებთან ირმა ნადირაშვილმაც დაადასტურა. ნადირაშვილის თქმით, მელია პოზიციებს ხშირად იცვლის და მან ვერ გაუძლო კრიტიკულ ვითარებას, რის გამოც მისი გადაყენების საკითხის განხილვა გასაკვირი არ არის.

კომენტარები