თავდასხმა

გაჩეჩილაძის ადვოკატი: ეს იყო ერთი-ორი დარტყმა, ნასვამი ადამიანის დაგროვილი ბოღმა

GHN

ნიკა გვარამიაზე თავდასხმაში ბრალდებულის, რატი გაჩეჩილაძის ადვოკატი ლილი გელაშვილი მიიჩნევს, რომ "ეს იყო ერთი-ორი დარტყმა" და სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაწყებულიყო. მისი თქმით, "ეს იყო ნასვამი ადამიანის დაგროვილი ბოღმა" და ადმინისტრაციულად დასჯადი ქმედება. 

"რაც შეხება კვალიფიკაციის შეცვლას, არათუ დამძიმების მიზნით, არამედ, მიგვაჩნია, რომ იმ ფარგლებში, რაც ახლა მიმდინარეობს, ესეც არ არის სწორი. ეს იყო ერთი-ორი დარტყმა, კი არ ვაკნინებ ან ვაბუქებ, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ადმინისტრაციულად დასჯადი ქმედება და საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო სისხლისსამართლებრივი დევნა", - ამბობს ადვოკატი და მიიჩნევს, რომ "ნიკა გვარამია ცდილობს, პოლიტიკური დევნის ფიგურად წარმოჩინდეს".

"მოტივი წარსული პოლიტიკური საქმიანობა კი არა, არამედ გვარამიას მხრიდან პირადად რატი გაჩეჩილაძის მამის და ბიძის ინტენსიური, ყოველდღიური შეურაცხმყოფელი განცხადებებია", - თქვა ლილი გელაშვილმა.

კითხვაზე, რომელ შეურაცხმყოფელ განცხადებებს გულისხმობს, ადვოკატი პასუხობს, რომ ამის შესახებ პრესკონფერენციას გამართავენ.

"თან მაქვს, ბრალდებას გავუცვლი განცხადებებს, შემდეგ კი, სოციალურ ქსელში გავმართავთ პრესკონფერენციას და გაგაცნობთ, თუნდაც, როგორ მოიხსენია ნიკა გვარამიამ მისი ბიძა რამდენიმე დღის წინ. ეს იყო ყოველთვის. ჩვენ ამას ვაგროვებთ და მოგაწვდით აუცილებლად. ეს იყო ნასვამი ადამიანის დაგროვილი ბოღმა და გვარამიას წამოსროლილმა ერთმა ფრაზამაც კი, გამოიწვია სპონტანური რეაქცია მისი მხრიდან, მივიდა და დაარტყა", - განაცხადა ლილი გელაშვილმა.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემისთვის დაკავებულ რატი გაჩეჩილაძეს ბრალი წარედგინა. მას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავებიან, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

გამოძიებას მის გარდა არავინ დაუკავებია, მიუხედავად იმისა, რომ გვარამია და სხვა მოწმეები ჯგუფურ ძალადობაზე მიუთითებდნენ.

ნიკა გვარამიას თავს 7 იანვარს, რესტორან Dining Room-ში დაესხნენ. მოგვიანებით, ლევან გაჩეჩილაძის შვილმა, რატი გაჩეჩილაძემ, Facebook-ზე დაწერა, რომ თავდამსხმელი თავად იყო და მარტო მოქმედებდა. გვარამიას თქმით კი, გაჩეჩილაძეს კიდევ ერთი პირი ახლდა. მისივე თქმით, "ეს იყო რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან". თავად ლევან გაჩეჩილაძე კი თვლიდა, რომ ხელის დარტყმისთვის მისი შვილი არ უნდა დაეკავებინათ.

კომენტარები