ანაკლიის პორტი

ანაკლიის პორტის ოპერატორი შესაძლოა, ამერიკული SSA Marine გახდეს

Getty Images

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებით მსოფლიო კლასის პორტოპერატორი SSA Marine დაინტერესდა, - კომპანია, ამ თემაზე, მოლაპარაკებებს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" აწარმოებს.

საქართველოში იმყოფება SSA Marine-ის ვიცეპრეზიდენტი ბობ უოთერსი, რომელმაც დღეს პრემიერთან გამართა შეხვედრა.

კომპანიის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრისას, საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული პროექტია, რომლის წარმატებით განხორციელებისთვის, მსოფლიო კლასის პორტოპერატორის მოზიდვა მნიშვნელოვანია.

პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს მზარდ გეოპოლიტიკურ პოტენციალზე და სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომლებსაც საქართველოს მთავრობა, მათ შორის, კერძო სექტორთან ერთად, ახორციელებს.

აშშ-ის უმსხვილესი სანავსადგურე სატერმინალო ოპერატორის, SSA Marine-ის სათავო ოფისი სიეტლში მდებარეობს. კომპანიის მფლობელობაშია ტერმინალები მსოფლიოს 9 ქვეყანაში. SSA Marine წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ამუშავებს. SSA Marine-ის საქმიანობის სფეროს ასევე განეკუთვნება მშრალი ტვირთის დამუშავება და სამგზავრო-საკრუიზო გადაყვანები.

ანაკლიის პორტის ინვესტორი TBC ჯგუფია, ეს ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომლის პირველი ეტაპიც 2020 წელს დასრულდება. პროექტის ჯამური ღირებულება $2 მილიარდს აღემატება.

კომენტარები