ლარიზაცია

პრემიერი: მნიშვნელოვანი წელია და ძალიან ბევრი კარგი საქმე გვაქვს გასაკეთებელი

facebook.com/KvirikashviliOfficial

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ე.წ ლარიზაციის პროექტი ძალიან წარმატებული იქნება. მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრს მოუწოდა, დეტალური განმარტებები გააკეთოს.

"გილოცავთ ახალ წელს, შობას. გისურვებთ ბევრ წარმატებას 2017-ში. მნიშვნელოვანი წელია და ძალიან ბევრი კარგი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ეროვნულ ბანკთან ერთად სესხების ლარიზაციის გეგმა. მოგეხსენებათ ასევე, რომ ჩვენ ვიწყებთ ამ გეგმის განხორციელებას 2017 წლის იანვრიდან და ერთჯერადი ლარიზაცის სქემა ამოქმედდება უკვე 17 იანვრიდან. ამიტომ, დღეს, ფინანსთა მინისტრს გამოაქვს მთავრობაზე დასამტკიცებლად ეს კონკრეტული დეტალები. ჩვენ განვიხილავთ ამ დეტალებს და მე მინდა, ვთხოვო ფინანსთა მინისტრს, მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთოს ძალიან დეტალური განმარტებები ამ პროცესის და პროცედურების შესახებ, იმისათვის რომ ამოიწუროს ყველა შესაძლო შეკითხვა ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან სწორი პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი მოსახლეობის და ასევე საფინანსო სექტორის დამოკიდებულების თანდათანობით შემცირებას დოლარზე. ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი", - თქვა კვირიკაშვილმა.

კომენტარები