კლუბები

პრემიერი: კლუბებში ხდება ბავშვთა პროსტიტუცია, ამას ქართველი მამაკაცი არ მოითმენს

0 კომენტარი

"იქ ხდება ქართველი არასრულწლოვანი გოგონების ჩართვა პროსტიტუციაში და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. უფრო მეტიც, ეს არის ჩემი, როგორც ამ ქვეყნის შვილის, ღირსების შეურაცხჰყოფა და სწორედ ამიტომ არის პრობლემატური, ეს საკითხი რომ გადაწყდეს, რაც შეიძლება მალე", - პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვარდების მოედანზე არსებულ კლუბებთან დაკავშირებით სპეციალურ ბრიფინგზე დამატებითი განმარტება გააკეთა, მისი თქმით, დილით გაკეთებულ განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა, თითქოს მთავარი პრობლემა ამ კლუბებთან დაკავშირებით იყო ის, რომ იქ ქართველ მამაკაცებს არ უშვებდნენ, სინამდვილეში კი პრობლემა ამ კლუბებში არსებული არასრულწლოვანთა პროსტიტუციაა.

"დამატებითი განმარტება მინდა გავაკეთო მთავრობის სხდომის დაწყების წინ ჩემს მიერ გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით. ვინაიდან როგორც მე დავაკვირდი, მოხდა არასწორი ინტერპრეტირება და აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით წავიდა ის დასკვნები, რა დასკვნებიც გამოიტანეს.

რაც შეეხებოდა ღამის კლუბებს, რომლებიც ძირითადად არის კონცენტრირებული რესპუბლიკის მოედნის ქვეშ, სადაც არის ძალიან სამწუხარო რეალობა. მე ვახსენე, რომ ადგილობრივ, ქართული ეროვნების მამაკაცებს არ უშვებენ და რატომღაც მოხდა ინტერპრეტირება, რომ თითქოს მე ვზრუნავ იმაზე, რომ ქართველი მამაკაცები შეუშვან ღამის კლუბებში. არა, მეგობრებო! ძალიან სამწუხაროა, თუ ეს ვინმემ ასე გაიგო.

მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ჩემთვის სამწუხაროდ ამ კლუბებში ხდება ის, რომ იქ არის პროსტიტუცია, მათ შორის არასრულწლოვანი ჩვენი მოქალაქეების და არცერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას, რაც იქ ხდება და სწორედ ამიტომ არ ხდება ქართველი მამაკაცების შეშვება ამ კლუბებში.

აი, ეს არის ის მწარე რეალობა, რომელიც ჩვენ გვაქვს. და ამის წინააღმდეგ ზომების მიღება დავავალე შსს-ს და ასევე ამ სიტუაციის შესწავლა დავავალე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ჩემს მრჩეველს სოფო ჯაფარიძეს, ვინაიდან შესაძლოა ხდებოდეს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის დარღვევა იმ კუთხით, რომ უშვებენ მდედრობითი სქესის ადამიანებს და არ უშვებენ მამარობითი სქესის ადამიანებს. მთავარი წუხილი ჩემი, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მათთვის, ვისაც არასწორი დასკვნა აქვს გამოტანილი ან ვისაც სურდა რომ ასეთი დასკვნა გამოეტანა, არის პრობლემა იმ კუთხით, რომ იქ არ უშვებენ ქართველ მამაკაცებს, არის მხოლოდ და მხოლოდ იმ კუთხით, რომ იქ ხდება ქართველი არასრულწლოვანი გოგონების ჩართვა პროსტიტუციაში და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. უფრო მეტიც, ეს არის ჩემი, როგორც ამ ქვეყნის შვილის, ღირსების შუერაცხჰყოფა და სწორედ ამიტომ არის პრობლემატური, ეს საკითხი რომ გადაწყდეს, რაც შეიძლება მალე. ეს არის ის დამატებითი განმარტება, რაც მინდოდა რომ გამეკეთებინა", - ამბობს პრემიერი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ევროპული საქართველო პრეზიდენტის არჩევასა და საარჩევნო სისტემაზე პლებისციტს ითხოვს

კომენტარები