ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი

შსს გირჩის ოფისში შევიდა

ეფენდი ანკოსი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალი პოლიტიკური ცენტრის, "გირჩის", ოფისში შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ პარტია Facebook გვერდის საშუალებით ავრცელებს.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, შსს-ს წარმომადგენლებმა სასამართლოს განჩინება წარმოადგინეს.

"დღეს რატომ მოვიდნენ, არ ვიცი. შეეძლოთ, იგივე ქმედებები განეხორციელებინათ 31-ში ღამევე, ან პირველში ან ორში. დღეს მოვიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, წარმომიდგინეს სასამართლოს განჩინება, რომ მათ აქვთ ჩხრეკის უფლება, ამის შემდეგ ველოდებოდით ექსპერტების მოსვლას, რომლებმაც რაღაც საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩაატარონ ოფისში. ახლა ხალხისგან გვაცლევინებენ ოფისს, მე დავრჩები, ალბათ, ერთადერთი, რომელსაც რაღაც საბუთებზე ხელის მოწერა მომიწევს. რაღაც საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩაატარონ. სავარაუდოდ, ქოთნებს ამოიღებენ და შეამოწმებენ, ნამდვილად არის თუ არა იქ მარიხუანა, რაც ნამდვილად ასეა. სხვა მეტი გამოსაძიებელი არაფერია, რადგან რაც გავაკეთეთ, ყველაფერი იყო საჯარო", - თქვა ჯაფარიძემ რუსთავი 2-თან საუბარში.

ტაბულა შსს-ს დაუკავშირდა და დაწვრილებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

როგორც ცნობილია, 31 დეკემბერს ახალი პოლიტიკური ცენტრის - "გირჩის" ოფისში მარიხუანა დათესეს. ამ გზით აქციის მონაწილეებმა მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 265-ე მუხლით დაიწყო, თუმცა, ამ დრომდე არავინ დაუკავებია. პარტიამ, 8 დღის შემდეგ, ამოსული მცენარის ფოტოები გამოაქვეყნა.

კომენტარები