კლუბები

კახიძე: მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, პრემიერი ბოდვით არის დაკავებული

ტაბულა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, ოთარ კახიძე ვარდების მოედანზე არსებული კლუბების შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებას ეხმაურება. დეპუტატი მიიჩნევს, რომ "ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, კვირიკაშვილი სამარცხვინო ბოდვით" არის დაკავებული.

"პრემიერ-მინისტრმა ჯერ განაცხადა, რომ რესპუბლიკის მოედნის ქვემოთ მდებარე ბარებსა და ობიექტებში უნდა შეუშვან ადგილობრივი მამაკაცები, რადგან იქ მარტო მანდილოსნებს უშვებენ და ეს არის დისკრიმინაცია. მერე ამ სულელურ განცხადებას მოაყოლა საოცარი "განმარტება", რომ იმ ობიექტებში თურმე არასრულწლოვანი გოგონების პროსტიტუციაში ჩართვა ხდება, ამიტომ არ უშვებენ მამაკაცებს და მხოლოდ ქალებს უშვებენ (პროსტიტუციის სერვისით ვინ სარგებლობს, არ დააკონკრეტა). ანუ რა გამოდის - ქართველი მამაკაცები უნდა შეუშვან სტრიპტიზ ბარებში, რათა ისინი წინ აღუდგნენ არასრულწლოვან გოგონათა პროსტიტუციაში ჩართვას. დღეს ამას მხოლოდ მანდილოსნები უპირისპირდებიან, რაც დისკრიმინაციაა. მართლა დაუჯერებელია, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, პრემიერ-მინისტრი (ნუ ფორმალურად მაინც) ასეთი სამარცხვინო ბოდვით არის დაკავებული მთავრობის სხდომაზე - სხვა სიტყვებით ვერ აღვწერ ამ ყველაფერს", - წერს კახიძე facebook-ზე.

დღეს, 11 იანვარს, მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ვარდების მოადანთან არსებულ კლუბებში არის დისკრიმინაციული მიდგომა და იქ ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებენ.

მთავრობის სხდომის შემდეგ ამ თემაზე გიორგი კვირიკაშვილმა დამატებითი განმარტება გააკეთა, რადგან, მისი თქმით, პირველ განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა. პრემიერის თქმით, აღნიშნულ კლუბებში არასრულწლოვანი გოგონების პროსტიტუციაში ჩართვა ხდება, "არცერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას და სწორედ ამიტომ არ ხდება ქართველი მამაკაცების შეშვება ამ კლუბებში".

კომენტარები