ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი

გირჩის ოფისში ექსპერტ-კრიმინალისტები მარიხუანას ლუქავენ

ტაბულა

ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის ოფისში ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც პარტიის წევრი, იაგო ხვიჩია ფეისბუქზე წერს, საგამოძიებო მოქმედებები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და შსს-ს წარმომადგენლები კანაფის ნერგებს სათითაოდ აღწერენ.

ტაბულას კორესპონდენტის ინფორმაციით, ნერგებს ლუქავენ და ექსპერტიზაზე გადაიტანენ. თავად გირჩის ოფისში ჟურნალისტებს არ უშვებენ.


ფოტო: ზურაბ ჯაფარიძე
შსს-ს წარმომადგენლები დღეს დილით გირჩის ოფისში მოსამართლის განჩინებით მივიდნენ. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩხრეკის ორდერი მოსამართლე გიორგი კერეტაშვილმა გასცა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაკავებულ რატი გაჩეჩილაძის საქმეს ხელმძღვანელობდა. ხოლო მოწმე შსს-ს თანამშრომელი ოთარ შარმანაშვილია, რომელიც 31 დეკემბერს პარტიის ოფისში მარიხუანის დათესვის პროცესს ესწრებოდა.

როგორც ცნობილია, 2016 წლის 31 დეკემბერს ახალი პოლიტიკური ცენტრის - "გირჩის" ოფისში მარიხუანა დათესეს. ამ გზით აქციის მონაწილეებმა მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 265-ე მუხლით დაიწყო, თუმცა, ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

კომენტარები