ბარაკ ობამა

ბარაკ ობამა გამოსამშვიდობებელი სიტყვით წარდგა

trbimg.com

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამერიკის მოსახლეობის წინაშე გამოსამშვიდობებელი სიტყვით წარდგა, პრეზიდენტობის 8 წელი შეაჯამა და ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის მიღწევებზე ისაუბრა. ობამას თქმით, ამერიკა უკეთესი და უფრო ძლიერი ადგილია, ვიდრე ის 8 წლის წინ იყო.

"8 წლის წინ რომ მეთქვა თქვენთვის, რომ ამერიკა რეცესიას დაამარცხებდა, ავტოინდუსტრია განვითარდებოდა, შეიქმნებოდა უფრო მეტი სამუშაო ადგილი, კუბელ ხალხთან ურთიერთობას ახალი ფურცლიდან დავიწყებდით, ერთი გასროლის გარეშე შევაჩერებდით ირანის ბირთვულ პროგრამას, გავუსწორდებოდით 11 სექტემბრის ტერაქტის სულის ჩამდგმელს, მივაღწევდით ქორწინების თანასწორობას - მიპასუხებდით, რომ ჩვენი იდეები ამბიციურია", - თქვა ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა.

სიტყვით გამოსვლისას, მოქმედმა პრეზიდენტმა ამერიკელებს დემოკრატიის დაცვისკენ მოუწოდა, რადგან დემოკრატიის დაცვის შემთხვევაში, რუსეთი და ჩინეთი ვერ მოახდენენ გავლენას მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. 

"დემოკრატიას საფრთხე ექმნება მაშინ, როდესაც ჩვენ მას ვიღებთ, როგორც ბოძებულს. ე.წ ისლამური სახელმწიფო შეეცდება მოკლას უდანაშაულო ადამიანები, თუმცა ისინი ვერ დაამარცხებენ ამერიკას, თუ ჩვენ კონსტიტუციას და დემოკრატიულ პრინციპებს დავიცავთ. ჩვენი მოწინააღმდეგეები - ჩინეთი და რუსეთი ვერ შეძლებენ გავლენის მოხდენას იმ შემთხვევაში, თუ დავიცავთ იმას, რისიც გვჯერა და არ გადავიქცევით დიდ ქვეყნად, რომელიც მეზობლებს ჩაგრავს", - აღნიშნა ობამამ.

ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის პრინციპებს საფრთხეს აგრესიული ფანატიკოსები უქმნიან, ვინც ისლამის სახელით საუბრობს.

"საფრთხეს ის ავტოკრატი მმართველები წარმოადგენენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ თავისუფალი ბაზარი, ღია დემოკრატია და სამოქალაქო საზიგადოება მათ ხელისუფლებას ემუქრება. ეს უკანასკნელები ამერიკული დემოკრატიისთვის გაცილებით საშიშია, ვიდრე ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი. ეს გამოხატავს ცვლილებების შიშს, იმ ადამიანების შიშს, რომელიც განსხვავებულად გამოიყურება, ლაპარაკობს ან ლოცულობს. რწმენას იმისა, რომ ხმალი, იარაღი, ბომბი ან პროპაგანდისტული მანქანა არის საბოლოო არბიტრი იმისა, თუ რა არის სწორი", - განაცხადა ბარაკ ობამამ.

ობამა გამოსამშვიდობებელი სიტყვით ჩიკაგოში გამოვიდა. ბარაკ ობამა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი აფროამერიკელი პრეზიდენტი იყო. იგი პირველი ვადით 2008 წელს აირჩიეს.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს არის დაგეგმილი.

კომენტარები