გაზპრომთან მოლაპარაკებები

გოცირიძე გაზპრომზე: ეს კაპიტულაციაა მოსკოვის ეკონომიკური ინტერესების წინაშე

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, Gazprom-ის მოთხოვნაზე ქართული მხარის დათანხმება "მოსკოვის ეკონომიკური ინტერესების წინაშე კაპიტულაციას წარმოადგენს".

"ეს გადაწყვეტილება შეიძლება ითქვას, რომ არის პირდაპირ მოღალატური, ეს კაპიტულაციაა მოსკოვის ეკონომიკური ინტერესების წინაშე. ეს აჩვენებს მოქმედი ხელისუფლების არაკომპეტენტურობას და პირდაპირ ამხელს მათ პირად ინტერესებს. არ არსებობდა არავითარი საფუძველი ამ ხელშეკრულების შეცვლისა. 15 წელი რუსეთს არ შეუცვლია პირობები, მხოლოდ შარშან დაიწყო რუსეთმა გადახედვის მოთხოვნა, როდესაც იგრძნო ამ ხელისუფლების სისუსტე. მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ზამთარში გვჭირდებოდა დამატებით 200 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იმიტომ, რომ აშენდა გარდაბნის ახალი თბოსადგური, მაშინაც კი ეს ხელშეკრულება ვერ გაფორმდა, ვინაიდან აზერბაიჯანმა შაჰ-დენიზით უფრო მეტი გაზი გამოგვიყო. შაჰ-დენიზის საერთაშორისო კონსორციუმმა 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი გამოგვიყო დამატებით და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენშიც გატარების უფლება მოგვცა. მიუხედავად ამისა, მთავრობამ კაპიტულაცია მოახდინა", - ამბობს რომან გოცირიძე.

დღეს გამართულ ბრიფინგზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველომ Gazrpom-ისგან ფასდაკლებაც მიიღო - იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობები დასჭირდება, Gazprom-ი ათას კუბურ მეტრს $215-ის ნაცვლად $185-ად მიყიდის.

"ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად, მივიღოთ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა შემცირებულ ფასად - 215 დოლარის ნაცვლად 185 დოლარად", - ამბობს კალაძე.

საქართველო 2018 წლიდან მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურად, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებას მიიღებს. 2017 წლის მანძილზე კი ისევე ნედლეულით ანაზღაურება მოხდება. კალაძის თქმით, ამ ცვლილებით საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე არ გაიზრდება.

მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით გასულ წელს საქართველოს გავლით სომხეთს დაახლოებით 2.1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიეწოდა, საიდანაც 0.3 მილიარდი საქართველოში დარჩა.

Gazprom-ი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას გასულ წელსაც სთავაზობდა, თუმცა მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა.

კომენტარები