სესხები

ქუმსიშვილი: ონლაინსესხების კომპანიები წარმატებით საქმიანობას ვეღარ გააგრძელებენ

0 კომენტარი
პრემიერი კვირიკაშვილი და ვიცეპრემიერი ქუმსიშვილი ფოტო: facebook.com/pg/KvirikashviliOfficial

ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, რომელიც სესხების წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 100%-იან ლიმიტს ადგენს, და რომლის შედეგადაც ჯარიმებისა და საურავების მაქსიმალურ პროცენტად 150% განისაზღვრა, ონლაინსესხების კომპანიებს წარმატებით საქმიანობა აღარ შეეძლებათ.

"სამოქალაქო კოდექსში ჩაიწერა მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი, როგორც ჯარიმის, ისე დაფარვის, საურავის და ასე შემდეგ, ჯამურად, წლიურად არ შეიძლება აღემატებოდეს 150%-ს. რაც იმ ბიზნესმოდელს, რომელიც ჩვენ გვქონდა ონლაინსესხების ნაწილში, არ აძლევს საშუალებას, წარმატებით გააგრძელონ ფუნქციონირება", - ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი.

ონლაინსესხების საშუალო "საბაზრო" განაკვეთები ძირითადად 400-700%-ის ფარგლებში მერყეობს. 

ონლაინსესხები ეგრეთ წოდებული ხელფასის დღის სესხებია (Payday loan), ამ ტიპის სესხები, როგორც წესი, ხანმოკლე და მცირე ზომისაა. ონლაინსესხები რისკიანია, რადგანაც მაღალია ალბათობა, რომ მოქალაქეებმა აღებული კრედიტები არ დააბრუნონ, თუმცა ეს რისკები სესხის განაკვეთში გათვალისწინებულია, ამიტომაც ონლაინსესხების საპროცენტო განაკვეთები მაღალია. რადგან მოსახლეობა თანახმაა ასეთ საპროცენტო განაკვეთებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მათთვის ამ ტიპის სესხების აღება დამატებით კეთილდღეობას ქმნის. 

რას ცვლის განაკვეთის ლიმიტი?

ონლაინსესხების გამცემ კომპანიებში პირველი სესხი, როგორც წესი, უპროცენტოა, განმეორებითი სესხის შემთხვევაში კი მომხმარებლებს მაგალითად ერთი თვით 1000 ლარის სესხების შემთხვევაში 1190 ლარის გადახდა უწევთ, ეს წლიურ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთში გადაყვანისას 675.6%-ს შეადგენს. როგორც წესი, სესხის აღებისას კომპანიების საიტზე წლიური ეფექტური განაკვეთი მითითებული არაა, თუმცა მომხმარებლებს მისი გამოთვლა სებ-ის კალკულატორით შეუძლიათ.

კანონპროექტით შემოთავაზებული 100%-იანი ლიმიტი მნიშვნელოვნად ნაკლებია ამ სესხების "საბაზრო" განაკვეთზე. მაგალითად, შემოთავაზებული 100%-იანი ლიმიტის შემთხვევაში, ერთი თვით 1000 ლარის გაცემისას მაქსიმალური განაკვეთი დაახლოებით 60 ლარი შეიძლება იყოს, რაც წლიურ ეფექტურ 98%-ს შეადგენს.

მოთხოვნა-მიწოდებიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც განაკვეთზე ჭერი ამ პროდუქტის საბაზრო განაკვეთზე ოთხჯერ ნაკლებია, ონლაინსესხების ბაზარზე დაკრედიტების მთლიანი მოცულობა შემცირდება. არ არის გამორიცხული, რომ ბაზარზე არსებული 40-მდე კომპანიიდან საქმიანობა მხოლოდ მცირე ნაწილმა გააგრძელოს.

განაკვეთზე ჭერის დაწესება ამ ბაზარზე მიწოდებას (ახალი სესხების გაცემას) შეამცირებს, მეორე მხრივ კი, მოსახლეობიდან ამ სესხებზე მოთხოვნა დაახლოებით უცვლელი დარჩება. შესაბამისად, განაკვეთის ჭერმა შესაძლოა, მიკროსესხებზე დეფიციტი გამოიწვიოს, ანუ მოსახლეობის ნაწილი, ვინც თანახმა იქნებოდა 400-700%-იან სესხზე, მათ უბრალოდ ვეღარ მიიღებს.

ონლაინსესხებს ხშირ შემთხვევაში დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა მოკლევადიანი ლიკვიდობის პრობლემის შესავსებად იყენებს. ეს ის მოსახლეობაა, ვინც დასაქმებულია, თუმცა ხელფასი თვიდან-თვემდე არ ჰყოფნის. იმ პირობებში, როდესაც ბაზარზე დაკრედიტება შემცირდება, მათ აღარ ექნებათ საშუალება ამ ტიპის სესხები აიღონ, სავარაუდოდ, ამით მათი პირობები არ გაუმჯობესდება.

ონლაინსესხების კომპანიები მრავალ ადამიანს ასაქმებენ, ახალი რეგულაცია კი მათ სამუშაო ადგილებს გაქრობა/შემცირების რისკის ქვეშ აყენებს. ამ ბიზნესის შეზღუდვა ქვეყნის სარეკლამო ბაზარზეც ნეგატიურად აისახება, რადგანაც ონლაინსესხები მედიისთვის სარეკლამო შემოსავლების გენერირების მნიშვნელოვანი წყაროა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ევროვიზია 2017-ზე საქართველოს თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს

კომენტარები