ფემიციდი

რესპუბლიკელებმა ფემიციდის შესახებ საკანონმდებლო წინადადება კვლავ დაარეგისტრირეს

0 კომენტარი

დღეს, 11 იანვარს, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა ფემიციდის შესახებ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება კვლავ დაარეგისტრიეს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, გატარებული ღონისძიებები საკმარისი არ არის. რესპუბლიკელები, იმის დასტურად, რომ მდგომარეობა არ უმჯობესდება, 2017 წლის მხოლოდ 10 დღეში მომხდარ ორ დანაშაულს ასახელებენ.

საკანონდებლო წინადადებას 6 ავტორი ჰყავს: თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე, მარიამ ავალიშვილი, მარიამ ბერიძე და თამარ ხიდაშელი. მათი აზრით, საკანონმდებლო ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო სისხლის სამართლის კოდექსი ქალის მკვლელობას უთანასწორობით გამოწვეულ დანაშაულად არ აღიქვამს.

„ფემიციდი ძალადობისა და დისკრიმინაციის უკიდურესი გამოვლინებაა, თუმცა იგი ცალკე მდგომ დანაშაულად არ არის აღიარებული. შესაბამისად, ფემიციდის აშკარა გამოვლენის შემთხვევაშიც კი გამოძიება იძულებულია იხელმძღვანელოს ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ზოგადი კონტექსტით. აღნიშნული ცხადყოფს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა საჭიროებს დახვეწას ამ კატეგორიის დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით“, - აღნიშნულია საკანონმდებლო წინადადების დასაბუთებაში.

გარდა ამისა, ავტორები ხელისუფლებას საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებს ახსენებენ, რომლის მიხედვით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ქალისა და მამაკაცის თანასწორობა ქალების მიმართ გავრცელებული უთანასწორო და დისკრიმინაციული მოპყრობის დაგმობით.

„საკანონმდებლო წინადადების მიზანია, არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, კანონის ძალით უზრუნველყოს ქალისა და მამაკაცის თანასწორობა და ფატალური შედეგით დასრულებული გენდერის ნიშნით უთანასწორო და დისკრიმინაციული მოპყრობა ანუ ფემიციდი, როგორც ქალის მკვლელობა, რომელიც განპირობებულია სექსიზმით და მოტივირებულია ქალზე უფლების ქონის სურვილით, ქალთან შედარებით უპირატესი მდგომარეობით ან ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებით, აღიაროს განსაკუთებით მძიმე დანაშაულად“, - აცხადებენ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები.

 

რას გულისხმობს "რესპუბლიკელების" საკანონმდებლო წინადადება

საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული ცვლილებები ფემიციდის ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად აღიარებას და მის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში მოქცევას გულისხმობს. ცვლილებები, ასევე გულისხმობს გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების დამამძიმებელ გარემოებად აღიარებას.

„რესპუბლიკური პარტიის“ საკანონმდებლო წინადადება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს. პარტიაში მიიჩნევენ, რომ კოდექსს 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლის შემდეგ უნდა დაემატოს შემდეგი შინაარსის პრიმა მუხლი:

108 ფემიციდი - ქალის განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნის მიხედვით

1. ფემიციდი - ქალის განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნის მიხედვით მეუღლის, ყოფილი მეუღლის, პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის ან ოჯახის სხვა წევრის მიერ:

ისჯება თავისუფლების აღკვეთით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.

იგივე ქმედება ჩადენილი:

ა) ორსული ქალის მიმართ;

ბ) არასრულწლოვანის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ;

გ) ჯგუფურად,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თოთხმეტიდან ოც წლამდე.

 

იგივე ქმედება ჩადენილი:

ა) ორი ან მეტი პირის მიმართ;

ბ) განსაკუთრებული სისასტიკით;

გ) შეკვეთით;

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ჩვიდმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით“.

გარდა ამისა, „რესპუბლიკური პარტიის“ საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს ცვლილებებს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების, ცემის, ძალადობის, იძულების, მუქარის მუხლებში.

 

ფემიციდი

კანონპროექტი ფემიციდის შესახებ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ წინა მოწვევის პარლამენტშიც წარადგინა, თუმცა, საკანონმდებლო ორგანომ მას მხარი არ დაუჭირა. თამარ კორძაიას თქმით, დღეს წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება შეცვლილი არ არის და ეს იგივე კანონპროექტია.

„ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ამ ყველაფრის გატანას და პარლამენტის დარწმუნებას. არ არის საკმარისი საქმეში დამამძიმებელი გარემოების მითითება. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს პოლიტიკური განაცხადი, რომ ის უთანასწორობით გამოწვეულ დანაშაულთან დაკავშირებით იქნება ძალიან მკაცრი და არ იქნება მიმტევებელი მსგავსი ტიპის დანაშაულის მიმართ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულება ჩვენ ვერ დავინახეთ იმ პარლამენტში და პრობლემა ისევ რჩება პრობლემად. არ შეიძლება შევეგუოთ ამას და ისევ ვიწყებთ დისკუსიას ამ საკითხთან დაკავშირებით“, - უთხრა ტაბულას თამარ კორძაიამ.

საქართველოს პარლამენტმა ფემიციდის შესახებ რესპუბლიკელი დეპუტატების, თამარ კორძაიასა და თამარ ხიდაშელის კანონპროექტი გასული წლის 10 ივნისს ჩააგდო. კანონის მისაღებად 50 ხმა იყო საჭირო, თუმცა, მას მხოლოდ 48 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ფემიციდი (femicide) ქალებზე ძალადობის უკიდურესი გამოვლინებაა. ეს ტერმინი ქალებისა და გოგონების მკვლელობას (femi - ქალი, cide - კვლა) აღნიშნას. როგორც წესი, ფემიციდად ითვლება მამაკაცების მიერ ქალების მკვლელობა გენდერული ნიშნით.

საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემებით, მხოლოდ 2014-2015 წლებში, საქართველოში, გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის რიცხვმა 60-ს მიაღწია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

უაქციზო არყის რეალიზაციისთვის მეწარმე დააკავეს

კომენტარები