რეკლამა

GEM Fest 20 იანვარს პროექტს CATZ ‘N DOGZ წარმოგიდგენთ

20 იანვარს GEM Fest წარმოგიდგენთ პოლონურ მუსიკალურ პროექტს CATZ ‘N DOGZ, რომელიც თავისი ცნობილი დიჯეი სეტით წარსდგება მსმენელის წინაშე. ღონისძიება კლუბ Elektrowerk-ში გაიმართება და CATZ ‘N DOGZ-ის გარდა დაუკრავენ ქართველი არტისტები Vako K და გიო შენგელია. აღსანიშნავია, რომ GEM Fest-მა საზაფხულო თარიღები უკვე დაასახელა და ლაინაფის 15%-იც უკვე ცნობილია. GEM Fest 2017 14 ივლისიდან - 14 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება და ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ჟანრის 500-მდე მუსიკოსი დაუკრავს.

2003 წლიდან მოყოლებული პოლონელმა პროდუსერებმა და ლეიბლ Pets Recordings-ის დამფუძნებლებმა, რომლებსაც CATZ ‘N DOGZ-ის სახელით ვიცნობ, საკმაოდ წარმატებული გზა გაიარეს მუსიკალურ სამყაროში. დუომ, რომელიც მუდმივად ლავირებს ანდერგრაუნდსა და მეინსტრიმის საზღვრებს შორის, მალევე მიიქცია მსმენელის და მსოფლიო პრესის ყურადღება.

ჯერ კიდევ 2013 წელს, მათი კომპოზიცია "They Frontin" WMC Awards-ზე წლის საუკეთესო ტრეკის ნომინაციაში იყო წარდგენილი. დუოს შარშანდელი ალბომი, სახელწოდებით Basic Colour Theory, პოპულარულმა გამოცემა DJ Mag-მა წლის 10 საუკეთესო ალბომის ჩამონათვალში შეიყვანა, Resident Advisor-ის მკითხველმა კი პოლონელი არტისტები Top 100 დიჯეის სიაში მოახვედრა.

CATZ ‘N DOGZ გამოირჩევა მსუბუქი, მელოდიური და დინამიური საუნდით, რომელმაც წლების მანძილზე მათ თავიანთი ნიშა დაუმკვიდრა. დუოს მოსმენა შესაძლებელია მსოფლიოს წამყვან კლუბებსა და ფესტივალებზე, მათ შორისაა დეტროიტის Movement Festival, Exit Festival, Electric Daisy Carnival და სხვა. ჯემ ფესტის მსმენელისთვის CATZ ‘N DOGZ თბილისში 20 იანვარს დაუკრავს.

CATZ ‘N DOGZ ჩატარდება საბჭოთა დროინდელი ქარხნის შენობაში, რომელიც არის ახალი სახელოვნებო სივრცე Elektrowerk.

Elektrowerk ასოციაციურად 90-იანი წლების ბერლინის ცნობილი ტექნო-კლუბისა და კულტურული ცენტრის E-Werk-ისკენ გვიბიძგებს. თუმცა, იგი თავად შენობის წარსულიდანაც მოდის. თავის დროზე ქარხანას საქართველოს ელექტრომანქანა ერქვა და მასში ელექტროძრავებს ამზადებდნენ. ვენიუს სულისჩამდგმელთა თქმით, Elektrowerk-ის შექმნის პირველი იმპულსი მათ სწორედ პირქუშმა, ინდუსტრიული ელფერის მქონე შენობამ მისცათ. Elektrowerk-ს ქალაქის კლუბებს შორის, ერთ-ერთი საუკეთესო საუნდი აქვს.

კომენტარები