ღამის კლუბები

ნარმანია ღამის კლუბებზე: პრემიერის დავალება იყო დროული და ძალიან მნიშვნელოვანი

დავით ნარმანია
თბილისის მერია

თბილისის მერის დავით ნარმანიას შეფასებით, ღამის კლუბებში არასრულწლოვანთა პროსტიტუციაზე პრემიერის დავალება "დროული და მნიშვნელოვანი" იყო. 

"დედაქალაქის მოსახლეობის მხრიდან პერიოდულად ისმის ამ საკითხთან დაკავშირებით წუხილი. ასე რომ, პრემიერის დავალება იყო, ჩემი აზრით, დროული და ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საკითხი იქნეს შესწავლილი, თუკი სადმე რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას აქვს ადგილი, ეს აუცილებლად უნდა აღიკვეთოს", - განაცხადა ნარმანიამ.

გუშინ, 11 იანვარს, მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ვარდების მოედანთან არსებულ კლუბებში არის დისკრიმინაციული მიდგომა და იქ ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებენ.

მთავრობის სხდომის შემდეგ, ამ თემაზე გიორგი კვირიკაშვილმა დამატებითი განმარტება გააკეთა, რადგან, მისი თქმით, პირველ განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა. პრემიერის თქმით, აღნიშნულ კლუბებში არასრულწლოვანი გოგონების პროსტიტუციაში ჩართვა ხდება, "არცერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას და სწორედ ამიტომ არ ხდება ქართველი მამაკაცების შეშვება ამ კლუბებში".

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტაბულასთან არ აკეთებს კომენტარს იმასთან დაკავშირებით, დაიწყეს თუ არა გამოძიება ვარდების მოედნის ქვემოთ მდებარე კლუბებში არსებული მდგომარეობის შესასწავლად. უწყება ამბობს, რომ ამ დროისთვის, მხოლოდ შს მინისტრის მოადგილის კომენტარს უნდა დავეყრდნოთ.

"პრემიერმინისტრის დღევანდელ დავალებასთან დაკავშირებით, მინდა, გაცნობოთ, რომ დავალება მიღებულია, მუშაობა უკვე დავიწყეთ და დეტალურად მოგახსენებთ მუშაობის შედეგებს, თუ რა კეთდებოდა მანამდე და დავალების შესაბამისად რა გაკეთდა. ეს საჯაროდ გახდება ცნობილი", - თქვა მთავრობის სხდომის დასრულებისას შალვა ხუციშვილმა.

კომენტარები