გაზპრომთან მოლაპარაკებები

გახარია: Gazprom-თან მოლაპარაკებაში ჩვენ მესამე მხარე ვიყავით

გიორგი გახარია
facebook.com/economypr

"ჩვენ არ ვსაუბრობთ კონტრაქტზე რუსეთიდან გაზის მოწოდების თაობაზე, ჩვენ ვსაუბრობდით სომხეთისთვის სატრანზიტო საფასურის მიღებაზე. აქ საქართველო იყო მესამე მხარე", - Gazprom-თან გასაფორმებელ კონტრაქტზე ამბობს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია.

"ეს იყო კონტრაქტი ტრანზიტის შესახებ. ძირითადი მხარე იყო რუსეთი და სომხეთი. შესაბამისად, ჩვენ ვიღებდით სატრანზიტო საფასურს ორ მხარეს შორის სავაჭრო ურთიერთობებიდან გამომდინარე. შეიცვალა ბაზრის კონიუნქტურა. ეს კონტრაქტი აღარ არსებობს. რასაც მივაღწიეთ, ისაა, რომ საქართველოს ენერგეტიკულ ბალანსში გაზის ბალანსი არ დარღვეულა.

ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება, რუსეთისგან ვიყიდოთ ეს გაზი. ჩვენ გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ასეთი შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მოწოდებული გაზი იქნება საკმარისი, ჩვენ ასეთი მოთხოვნილება არ გვექნება, არ ვიყიდით ამ გაზს და თემა დახურულია", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

Gazprom-თან გასაფორმებელი კონტრაქტის პირობები კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს, შესაბამისად, საზოგადოებისთვის უცნობი დარჩება, თუ რას მიიღებს საქართველო მაგისტრალური გაზსადენით სომხეთში ტრანზიტის სანაცვლოდ.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ვალიშვილის თქმით, საფასური მართალია უცნობია, თუმცა ის იმ 10%-ზე ნაკლებია, რასაც საქართველო ძველი კონტრაქტის მეშვეობით იღებდა.

მარიამ ვალიშვილის განმარტება, თუ რატომ დათანხმდა საქართველო Gazprom-ის მოთხოვნას:

"ჩვენ შარშან როდესაც დავასრულეთ მოლაპარაკება და მოვახერხეთ ძველი პირობების შენარჩუნება, ცალსახა პოზიცია დაფიქსირდა რუსული მხარისგან, რომ შემდეგ წელს არავითარ შემთხვევაში არ დათმობდნენ პოზიციას და შესაბამისად ისევ დააყენებდნენ მონეტიზაციის საკითხს - რაც რეალობაშიც მოხდა კიდეც. 

რუსული მხარისგან მითითება იყო საერთაშორისო პრაქტიკაზე, რომელიც ნამდვილად გულისხმობს მსგავსი ტიპის კონტრაქტებში არა ნატურით, არამედ ფულადი სახით ანაზღაურებას.

ჩვენ მონეტიზაციაზე თავისთავად წინააღმდეგი არ ვიყავით, თუმცა ჩვენი მიზანი იყო მიგვეღო მაქსიმალური შესაძლო ფინანსური სარგებელი. ეს შედეგი იქნა იმ ფორმით მიღებული, რაც დღეს მივიღეთ.

კონკრეტულ თანხას, რასაც ტრანზიტში მივიღებთ, ვერ დაგისახელებთ, ეს კომერციული საიდუმლოებაა და, როგორც წესი, ასეთ კონტრაქტებში ტრანზიტის საფასური არის საიდუმლო. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ანაზღაურება, რაც კი შეიძლება ამ მომსახურებაში, ამ ინდუსტრიაში და გადახდის ამ პრაქტიკაში არსებობდეს. რასაკვირველია ეს არ არის 10%, რასაც აქამდე ვიღებდით, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მაღალი ფასი.

გასული წლის მანძილზე დაახლოებით 180 მილიონი კუბური მეტრი უფასო ბუნებრივი აირი მივიღეთ სომხეთში ტრანზიტის სანაცვლოდ. 

რაც შეეხება მოცულობების შეძენას, ჩვენი ძირითადი მოცულობების 90%-ზე მეტის მოწოდება ხდება აზერბაიჯანიდან. აქ საუბარია ორ მილსადენზე, შაჰ-დენიზიდან მიღებულ ბუნებრივ აირზე და ეგრეთ წოდებული ყაზახის მილსადენიდან. 

რუსეთისგან დამატებითი მოცულობების შეძენა ამ კონტრაქტის მიხედვით ჩვენ შეგვეძლება ათასი კუბური მეტრის $185-ად, რაც ბუნებრივია არ არის ცუდი ფასი. ეს გაზი არ არის, ასე ვთქვათ, კომერციული სექტორისთვის განკუთვნილი, ეს არის დეფიციტის დასაბალანსებლად.

ჩვენ გარკვეული გარდამავალი პერიოდი მოვითხოვეთ, ამ ცვლილებიდან გამომდინარე უნდა გავაკეთოთ ხელახალი დაბალანსება მოცულობების. ამაზე რუსული მხარე დაგვთანხმდა, 2017 წელს ეს იქნება ჰიბრიდული ვარიანტის გარიგება, 2018 წლიდან კი სრულად ფულად ანაზღაურებაზე გადავალთ. 

ჩვენი ტრანზიტის ტარიფი პირველ რიგში უნდა ასახავდეს იმ დანახარჯებს, რომელიც გაიწევა ამ მომსახურებისთვის და გარკვეული ნორმა მოგებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ამ მილსადენს დასჭირდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები, ეს შესაბამისად ასახავას ჰპოვებს ტარიფში. ჩვენ უფასოდ ამ სერვისის გაწევას არავინ არ გვთხოვს.

ეს ცვლილება პირიქით, აგვარიდებს გაურკვევლობას და გარკვეულ რისკებს სამომავლოდ, უკონტრაქტო პირობებში სატრანზიტო მომსახურების გაწევის და უკონტრაქტო პირობებში გაზის მიღების თვალსაზრისით", - ამბობს მარიამ ვალიშვილი.

Gazprom-ი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას გასულ წელსაც სთავაზობდა, თუმცა მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა.

კომენტარები