ენმ-ის გაყოფა

კახიძე: ჩვენ არ ვართ მიშას გარეშე ნულები, ჩვენი ძალა კომპეტენციის ერთობაშია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგანგებო ბრიფინგზე ოთო კახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ვითარება შეიცვალა. კახიძის თქმით, ფრაზა - "მიშას გარეშე ვართ ნულები" - იყო ამ ცვლილებების დაწყების "პირველი მერცხალი". ოთო კახიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს პარტიის მაკონსოლიდირებელი უნარი აღარ აქვს, რასაც საბოლოოდ ენმ-ის გაყოფა მოჰყვა. ახალი პარტია კი თანხმობაზე, კომპეტენციასა და პატრიოტიზმზე დაფუძნებული გუნდი იქნება, რომელსაც დემოკრატიული გზით ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა შეუძლია.

"როდესაც 2016 წელს მე მივედი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, ეს იყო დემოკრატიულად მომუშავე პარტია, ჩამოყალიბებული წესებით, პარტია, რომლის კარიც იყო გახსნილი კომპეტენტური პატრიოტი ადამიანებისთვის.

სამწუხაროდ, საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, დავდექით სხვა რეალობის წინაშე, რომელიც დაიწყო ასე, რომ "თქვენ ხართ ნულები მიხეილ სააკაშვილის გარეშე" - ეს ფრაზა იყო პირველი მერცხალი, რომელსაც მოჰყვა ცილისწამებისა და ტალახის სროლის ნიაღვარი - მე ნამდვილად არ ვთვლი ასე. მე ვთვლი, რომ ამ პოლიტიკური გუნდის, ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ძალა არის ერთობაში. ჩვენი ძალაა კომპეტენციის ერთობაში, პატრიოტიზმის ერთობაში, საქმის კეთების ერთობაში და ჩვენ გვაქვს შანსი ახლა, რომ ვიღაცის გარეშე შევთავაზოთ საზოგადოებას ალტერნატივა, ივანიშვილის ხელისუფლების ალტერნატივა, რეალური დემოკრატიული ალტერნატივა, რომელსაც გააზრებული აქვს საკუთარი შეცდომებიც და რომელსაც აქვს მკაფიო გეგმა, თუ როგორ გამოიყვანოს ქვეყანა ამ უმძიმესი რეალობიდან და როგორ წაიყვანოს წინ.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა ავყვეთ და უნდა დავასრულოთ ეს შიდაპარტიული აბსურდული დაპირისპირება და მე ბოლომდე მქონდა იმედი, რომ გიგი უგულავასა და დავით ბაქრაძის მოწოდებებს გამოეხმაურებოდა მიხეილ სააკაშვილი და იქნებოდა მისი მაკონსოლიდირებელი ფაქტორი, თუმცა სამწუხაროდ მას ამის უნარები აღარ აღმოაჩნდა, მაგრამ წარსულ დროებზე დარდი უნდა მოვიკლათ, მოსახლეობა, რომელიც ძალიან უკმაყოფილოა ამ მთავრობის მოქმედებებითა და უმოქმედობით, ჩვენ უნდა შევთავაზოთ მათ ალტერნატივა, რომელიც მისაღები იქნება ფართო საზოგადოებისთვის.

ახალი პოლიტიკური ძალა უნდა იყოს მიზიდულობის ცენტრი ყველა პროდასავლურად განწყობილი პატრიოტი მოქალაქისთვის. პარტიის კარი უნდა იყოს ყველასთვის გახსნილი. ისეთი პლატფორმა, რომელიც რეალურად დემოკრატიულად, არჩევნების გზით შეცვლის ხელისუფლებას", - ამბობს კახიძე.

კომენტარები