ენმ-ის გაყოფა

მელია: ენმ არ არის პერსონების მოძრაობა, ენმ არის ეროვნული მოძრაობის გაგრძელება

ტვ პირველი

ენმ-ის დეპუტატის ნიკა მელიას განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა არ არის პერსონების მოძრაობა, ნაციონალური მოძრაობა არის ეროვნული მოძრაობის გაგრძელება". მელიამ პარტიის გაყოფის შესახებ კომენტარი რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

"როგორც ჩანს, დიდი ხნით ადრე ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული ამ ჯგუფს, რომელმაც დღეს დატოვა ენმ. რა ფორმით და როგორ - ამას დრო აჩვენებს. ჩვენ პატივს ვცემთ მათ აზრს, წამსვლელი წავიდა, უბრალოდ, ძალიან მოულოდნელი იყო და გაკვირვებულები ვართ, რომ თავიანთი ბრიფინგი ივანიშვილის სტილში ჩაატარეს და მთელი თავიანთი დრო დაუთმეს ნაციონალური მოძრაობის და პრეზიდენტ სააკაშვილის ლანძღვა-გინებას. მაგრამ მოხდა მთავარი - ჩავარდა ივანიშვილის გეგმა, რომ ნაციონალური მოძრაობა დასუსტებულიყო, დაშლაზე საერთოდ საუბარი ზედმეტია" - განაცხადა მელიამ. 

ენმ-ის დეპუტატმა გიგი უგულავას დღევანდელ სიტყვით გამოსვლაზე თქვა, რომ "დღეს გვესაუბრებოდა ადამიანი, რომელიც დაიჭირა ივანიშვილმა, გამოუშვა ივანიშვილმა და გაბრაზებული იყო სააკაშვილზე". მელიამ აღნიშნა, რომ "ბევრი რამე ხელის გულზე დევს, საზოგადოება ხედავს, საზოგადოებას აქვს ანალიზის უნარი და საზოგადოებამ დაინახა - რასთან გვაქვს საქმე".

"ნაციონალური მოძრაობიდან წასულა ბევრი პოლიტიკოსი, პოლიტიკოსთა ჯგუფი წასულა, მათ შორის, უფრო მძიმეწონიანი პოლიტიკოსები, ვიდრე დღეს წავიდნენ, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა კი არ დასუსტებულა, პირიქით, გაძლიერებულა.  და რატომ ხდება ყოველთვის ასე, რომ ენმ-დან მიდიან და ენმ პირიქით ძლიერდება? იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობა არ არის პერსონების მოძრაობა, ენმ არის ეროვნული მოძრაობის გაგრძელება, ენმ არის ევროპული, თავისუფალი და წარმატებული საქართველოს იდეა და ამ იდეას ვერც ერთი ცალკე აღებული პოლიტიკოსი ვერ დაამარცხებს, რაც არ უნდა ბევრნი იყვნენ ისინი" - განაცხადა მელიამ.

ენმ-ის დეპუტატის შეფასებით, "დღეს ნაციონალურ მოძრაობაში დასრულდა კარჩაკეტილობა, ქედმაღლობა, ნეპოტიზმი და საკუთარი ამომრჩევლის უგულებელყოფა". ნიკა მელიას თქმით, 20 იანვრიდან იწყება განახლებული ნაციონალური მოძრაობის ახალი გზა.

"ენმ გადავა ახალ ეტაპზე, დღეს ენმ-მ განიცადა მთავარი რამ - მიიღო ახალი იმპულსი, ხალხმა, თქვენ დაიბრუნეთ ნაციონალური მოძრაობა, ეს მოძრაობა არის თქვენი, ეს მოძრაობა არ არის არც სააკაშვილის, არც 2-3-4 პოლიტიკოსის, თქვენ გარეშე ეს მოძრაობა არ არსებობს, მთავარი ძალა არის ნაციონალური მოძრაობის ხალხი" - განაცხადა მელიამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დღეს ოფიციალურად გაიყო. ენმ-ის უკვე ყოფილმა წევრებმა ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ისინი ახალ პოლიტიკურ ძალას შექმნიან. 

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს პარლამენტის 21 დეპუტატი. პარტიაში რჩება 5 დეპუტატი. პარლამენტის ერთ წევრს, აზერ სულეიმანოვს, ჯერჯერობით, არ გადაუწყვეტია, დარჩება ენმ-ში თუ გადავა ახალ პარტიაში, რომელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან წასული დეპუტატები დააფუძნებენ.

კომენტარები