დედოლარიზაცია

პრეზიდენტმა დედოლარიზაციის საკანონმდებლო პაკეტს ხელი მოაწერა

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/PresidentMargvelashvili

დედოლარიზაციის საკანონმდებლო პაკეტი უკვე ძალაში შევიდა, პრეზიდენტმა ცვლილებებს ხელი დღეს მოაწერა. ცვლილებები ბანკებს, ონლაინსესხებს, მიკროსაკრედიტოებს, რეკლამის შესახებ კანონს, სამოქალაქო კოდექსსა და ეროვნული ბანკის ორგანულ კანონს ეხება. ამ საკანონმდებლო პაკეთით ქვეყანაში სესხების საპროცენტო განაკვეთზე ერთიანი ლიმიტი დაწესდა 100%-ის ოდენობით, აიკრძალა 100 ათას ლარამდე სავალუტო სესხების გაცემა, აიკრძალა რეკლამირებისას ქონების/მომსახურების საფასურის დოლარში მითითება და სხვა.

პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის მაია მელიქიძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ცვლილებებს ხელი მოაწერა, მას გარკვეული შენიშვნები ამ კანონებთან დაკავშირებით მაინც რჩება, რასაც სებ-ის მიერ გარკვეული ცვლილებების გატარება ესაჭიროება.

"ჩვენ ეს კანონპროექტები ძალიან დეტალურად განვიხილეთ, ისინი უპირველეს ყოვლისა ეხება ლარიზაციას, ონლაინსესხების შეზღუდვას, გალარების პოლიტიკას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომლებიც დაკავშირებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და, ამასთანავე, კომერციულ ბანკებთან.

დეტალურად განვიხილეთ აღნიშნული კანონპროექტები და ჩამოგვიყალიბდა გარკვეული შენიშვნები: ამ რეგულაციების პირობებში დასაშვებია, რომ ფინანსურმა ინსტიტუტებმა გარკვეული პროდუქტები გააუქმონ, რაც ნეგატიურად აისახება საფინანსო სექტორზე. ამასთანავე, დასაშვებია, რომ საპროცენტო განაკვეთმა ლარში გაცემულ სესხებზე მომავალში აიწიოს.

ჩვენ გვქონდა ძალიან აქტიური კომუნიკაცია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან, მოვისმინეთ აბსოლუტურად ყველა მხარის შეხედულება და შევჯერდით საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებაზე, რომ ყველა ის ტექნიკური ხასიათის ხარვეზი, რომელიც თან სდევს ამ კანონპროექტებს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღმოფხვრილი იქნება. ჩვენ ძალიან აქტიურად დავაკვირდებით ამ პროცესს. ამ რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ამ კანონპროექტებს მოაწეროს ხელი", - ამბობს მელიქიძე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები