საფონდო ბირჟა

ფასიანი ქაღალდების სისტემის რეფორმით, თბილისის ბირჟის განვითარება იგეგმება

0 კომენტარი
ხელშეკრულების გაფორმება მონტრანს, სებ-სა და საფონდო ბირჟას შორის ფოტო: ტაბულა

დღეს, 13 იანვარს, ეროვნულმა ბანკმა და თბილისის საფონდო ბირჟამ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისა და ანგარიშსწორების სისტემის რეფორმა დაიწყეს. 

პროექტი ითვალისწინებს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების სისტემის განახლებას და მასში საფონდო ბირჟის შვილობილი კომპანიის - საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის ჩართვას.

რეფორმის ფარგლებში საქართველოში გამოშვებული ნებისმიერი ტიპის ფასიანი ქაღალდით ანგარიშსწორება ერთიანი სისტემის ფარგლებში იქნება შესაძლებელი. ამავდროულად, საფონდო ბირჟა შეისყიდის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე სავაჭრო პალტფორმას კომპანია Montran Corporation-ისგან, რომელმაც ადრე უზრუნველყო საქართველოს ეროვნულ ბანკში არსებული ანგარიშსწორების სისტემის დანერგვა. 
 
დღეს ეროვნულ ბანკში მხარეთა შორის ხელშეკრულებები გაფორმდა და პროექტის საორგანიზაციო საბჭოს პირველი შეკრებაც გაიმართა, რომელშიც ეროვნული ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარისა და კომპანია მონტრანის წარმომადგენლები შედიან.

რა იცვლება: 

დღეს მოქმედი სისტემით ანგარიშსწორება ეროვნულ ბანკში შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს და ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებით. ახალი სისტემა საშუალებას მოგვცემს, ყველა ტიპის ქართული ფასიანი ქაღალდით (კერძო კომპანიების მიერ გამოშვებული ობლიგაციების და აქციების ჩათვლით) ანგარიშსწორება იყოს ავტომატიზებული, სწრაფი, დაცული და მოსახერხებელი. ახალი სისტემის მეშვეობით ანგარიშსწორება  განხორციელდება ურისკო DvP მეთოდით, ეროვნულ ბანკში გახსნილ ანგარიშებზე (settlement in central bank money). სისტემის ინტეგრაცია როგორც საფონდო ბირჟის, ისე Bloomberg-ის სავაჭრო სისტემებთან მოგვცემს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისა და ანგარიშსწორების სრული ციკლის ავტომატიზაციას. ავტომატიზებული იქნება ასევე პროცენტის, დივიდენდის, ფასიანი ქაღალდის ძირითადი თანხის გადახდის ოპერაციები, ასევე მათი დაგირავება ეროვნულ ბანკში ან ბაზრის პროფესიონალ მონაწილეებს შორის.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, რეფორმა თბილისის საფონდო ბირჟისადმი საერთაშორისო ნდობის ამაღლებას გამოიწვევს, რასაც ბაზრის განვითარება უნდა მოჰყვეს.

"ეროვნულ ბანკში უკვე 2010 წლიდან წარმატებით მუშაობს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემა. იგეგმება მისი განახლება და ფუნქციონალური განვითარება. მასში ცენტრალური დეპოზიტარის ჩართვით სისტემა უკვე მთლიან საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარს მოემსახურება. ასევე, ეს ხელს შეუწყობს უცხოური საფინანსო ინსტიტუტების და ინვესტორების საქართველოს ფინანსურ ბაზრებზე წვდომის გაადვილებას, ვინაიდან ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინფრასტრუქტურა უფრო საიმედო და თანამედროვე ხდება", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

თბილისის საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორის თქმით, ცვლილებების შემდგომ თბილისის ბირჟა გაცილებით სანდო და მიმზიდველი გახდება, რამაც მისი განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობები უნდა შექმნას.

2017 წლის 3 იანვრის მდგომარეობით ბირჟაზე 122 კომპანიის ფასიანი ქაღალდია დაშვებული, რომელთა სრულმა საბაზრო კაპიტალიზაციამ მიაღწია 0.758 მილიარდ დოლარს, ხოლო დღიურმა ბრუნვამ 16854.72 ლარს. ბირჟის წლიური ბრუნვა დაახლოებით 50 მილიონი ლარია.

არსებული მდგომარეობით ბირჟაზე რამდენიმე საბროკერო კომპანიაა წარმოდგენილი, ესენია - გალთ ენდ თაგართი, თიბისი კაპიტალი, საბროკერო კომპანია კავკაზუს კაპიტალ ჯგუფი, ქართუ ბროკერი და ლიბერთი სიქიურითიზ.

პროექტი ევროპის ცენტრალურ ბანკთან (ECB), EBRD-სა და Clearstream-თან თანამშრომლობით განხორციელდება. მისი დანერგვისთვის კი ხარჯებს ეროვნული ბანკი, საფონდო ბირჟა და ცენტრალური დეპოზიტარი გაინაწილებენ. პროექტის პირველი ფაზის დასრულება 2017 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები