ბოკერია Gazprom-ზე: ჩვენი ვალია, ენერგეტიკის მინისტრს ყველა კითხვა დავუსვათ

ფრაქცია ევროპული საქართველოს დეპუტატის გიგა ბოკერიას განცხადებით, "ბიძინა ივანიშვილის გუნდმა კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს ინტერესებისადმი აშკარა მტრული გადაწყვეტილება". გაზპრომთან ახალი ხელშეკრულების პირობების გამო, საპარლამენტო უმცირესობამ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პარლამენტში დაიბარა.

"ვიცით, რომ ისინი ცდილობენ, რაღაც არგუმენტების მაგვარი შესთავაზონ საზოგადოებას, ძალიან მნიშვნელოვანია, საპარლამენტო ფორმატში ეს ხალხი მობრძანდეს, მინისტრი კალაძე და გაგვცენ ყველა კითხვაზე პასუხი და საზოგადოებამ იხილოს - რა არგუმენტები აქვთ მათ, მე პირადად არაფერს არ მოველი აზრიანს, ან ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლოს მათი მხრიდან, მათი არგუმენტების თვალსაზრისით. მაგრამ მათი ვალია, ეს გააკეთონ და ჩვენი ვალია, ყველა კითხვა დავუსვათ. ჩვენ ყველა პოლიტიკურ ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რათა ეს ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად საზიანო გადაწყვეტილება შეიცვალოს, თუ ეს შესაძლებელია", - განაცხადა ბოკერიამ.

საქართველო 2018 წლიდან მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურად, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებას მიიღებს. 2017 წლის მანძილზე კი ისევ ნედლეულით ანაზღაურება მოხდება.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის თქმით, ტრანზიტის საფასური კომერციული საიდუმლოებაა, თუმცა, ის იმ უფასო 10%-ზე ნაკლებია, რასაც ქვეყანა ძველი კონტრაქტის შედეგად იღებდა. კახა კალაძე კი ფიქრობს, რომ ამ ცვლილებით საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე არ გაიზრდება.

Gazprom-ი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას გასულ წელსაც სთავაზობდა, თუმცა, მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა.

კომენტარები