მოლაპარაკებები გაზპრომთან

Gazprom: საქართველოსთან მიღწეული შეთანხმება ორივე მხარისთვის ოპტიმალურია

Gazprom-ის სათავო ოფისი
newsweek.com

"რამდენიმე შეხვედრის და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, ქართველ პარტნიორებთან კომერციული პირობების არჩევა მოვახერხეთ, რომლებიც ოპტიმალურია ორივე მხარისთვის", - ამბობს Gazprom Export-ის გენერალური დირექტორი ელენა ბურმისტროვა. Gazprom-მა საქართველოსთან მიღწეულ შეთანმებაზე განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, 2017-2018 წლებში მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით ყოველწლიურად დაახლოებით 2-2.2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება მოხდება.

Gazprom Export-ის განცხადება:

"Gazprom Export და ქართული მხარე შეთანხმდნენ რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის პირობებზე. კონკრეტულად კი მხარეები შეთანხმდნენ, შეცვალონ ტრანზიტის საფასურის გადახდის პირობები და ის წარსულში მოქმედი ნატურით გადახდიდან ფულად გადახდით ჩანაცვლდება.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2017-2018 წლებში სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდების მოცულობები 2-2.2 მილიარდი მეტრ კუბი იქნება, ამასთანავე Gazprom-ი მზადყოფნას გამოთქვამს, საქართველოს მოქნილი პირობებით მიაწოდოს ბუნებრივი აირის მოცულობები ფასდაკლებული ტარიფით. 2017 წლისთვის საქართველო ყოველ 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე 2016 წელთან შედარებით $30 დოლარით შემცირებულ ტარიფს მიიღებს.

რამდენიმე შეხვედრის და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, ქართველ პარტნიორებთან კომერციული პირობების არჩევა მოვახერხეთ, რომლებიც ოპტიმალურია ორივე მხარისთვის", - ამბობს Gazprom Export-ის გენერალური დირექტორი ელენა ბურმისტროვა.

ენერგეტიკის სამინისტროს განმარტება თუ რატომ დათანხმდა საქართველო Gazprom-ის მოთხოვნას:

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ვალიშვილის თქმით, მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის საფასური კომერციული საიდუმლოებაა, თუმცა ის იმ უფასო 10%-ზე ნაკლებია, რასაც ქვეყანა ძველი კონტრაქტის შედეგად იღებდა.

"ჩვენ შარშან როდესაც დავასრულეთ მოლაპარაკება და მოვახერხეთ ძველი პირობების შენარჩუნება, ცალსახა პოზიცია დაფიქსირდა რუსული მხარისგან, რომ შემდეგ წელს არავითარ შემთხვევაში არ დათმობდნენ პოზიციას და შესაბამისად ისევ დააყენებდნენ მონეტიზაციის საკითხს - რაც რეალობაშიც მოხდა კიდეც. 

რუსული მხარისგან მითითება იყო საერთაშორისო პრაქტიკაზე, რომელიც ნამდვილად გულისხმობს მსგავსი ტიპის კონტრაქტებში არა ნატურით, არამედ ფულადი სახით ანაზღაურებას.

ჩვენ მონეტიზაციაზე თავისთავად წინააღმდეგი არ ვიყავით, თუმცა ჩვენი მიზანი იყო მიგვეღო მაქსიმალური შესაძლო ფინანსური სარგებელი. ეს შედეგი იქნა იმ ფორმით მიღებული, რაც დღეს მივიღეთ.

კონკრეტულ თანხას, რასაც ტრანზიტში მივიღებთ, ვერ დაგისახელებთ, ეს კომერციული საიდუმლოებაა და, როგორც წესი, ასეთ კონტრაქტებში ტრანზიტის საფასური არის საიდუმლო. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ანაზღაურება, რაც კი შეიძლება ამ მომსახურებაში, ამ ინდუსტრიაში და გადახდის ამ პრაქტიკაში არსებობდეს. რასაკვირველია ეს არ არის 10%, რასაც აქამდე ვიღებდით, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მაღალი ფასი", - ამბობს ვალიშვილი.

საქართველო 2018 წლიდან მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურად, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებას მიიღებს. 2017 წლის მანძილზე კი ისევ ნედლეულით ანაზღაურება მოხდება. კალაძის თქმით, ამ ცვლილებით საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე არ გაიზრდება.

Gazprom-ი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას გასულ წელსაც სთავაზობდა, თუმცა მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა.

კომენტარები