ე.წ კაბელების საქმე

თავდემები ხელისუფლებას: ხელი აიღეთ სასამართლოსა და პროკურატურაზე ზეწოლისგან

ტაბულა

პარტია თავისუფალი დემოკრატები ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ წერილს ეხმაურება. ისინი ქართულ ოცნებას მოუწოდებენ, ე.წ კაბელების საქმეზე, "ხელი აიღოს პროკურატურასა და სასამართლოზე ზეწოლისაგან".

ცნობისთვის, ევროპარლამენტის სამი ფრაქციის მიერ გავრცელებული წერილის ადრესატები საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი იყვნენ. წერილში ჩამოთვლილი იყო ის საკითხები, რომელთა მოუგვარებლობაც ევროინტეგრაციას ხელს უშლის. გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილისა და რუსთავი 2-ის საქმეებთან ერთად, ისინი ე.წ. კაბელების საქმესაც გამოყოფდნენ, რომელთანაც თავისუფალი დემოკრატები არიან აფილირებული.

დღეს გავრცელებულ ღია წერილში პარტიამ ქართულ ოცნებასთან ერთად, სასამართლო სისტემასაც მიმართეს.

"თავისუფალი დემოკრატები" უპირველესად მადლობას ვუხდით ევროპარლამენტარებს, ჩვენთვის განსაკუთრებულად მტკივნეულ, უსამართლობის ამ ფაქტზე ყურადღების გამახვილების და რეაგირების გამო.

ამასთან, ვეხმაურებით რა ევროპარლამენტართა აღნიშნულ განცხადებას, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, ხელი აიღოს სისხლის სამართლის მოცემულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურასა და სასამართლოზე ზეწოლისაგან, რაც ამ საქმის წარმოების დაწყების პირველივე დღიდან დაუფარავად და საჯაროდ განახორციელა „ქართული ოცნების“ ფაქტობრივმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, წინასწარ გამოაცხადა რა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები დამნაშავეებად", - წერია პარტიის ღია წერილში. 

თავისუფალი დემოკრატების წევრი, შალვა შავგულიძე, ამბობს, რომ ე.წ კაბელების საქმესთან დაკავშირებულ პროცესებში ბიძინა ივანიშვილი ნეგატიურ როლს თამაშობს. ასევე, მისი თქმით, ხელისუფლება მათ წერილს არ გამოხმაურებია. 

"რა თქმა უნდა, არავითარი კომუნიკაცია არ მოყოლია [წერილს ხელისუფლების მიერ]. ჩვენ ამის მოლოდინიც არ გვქონია. ჩვენი ეს წერილი, რომელიც საჯაროდ გავავრცელეთ, მიზნად ისახავდა სულ სხვა რამეს. უპირველეს ყოვლისა, მადლობა გადავუხადეთ წევრებს აი, ამ ჩვენთვის მეტად საჭირბოროტო საკითხით დაინტერესებისა და რეაგირების გამო, და საჭიროა, რომ საზოგადოებამ და, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებამ და სასამართლომ კარგად დაინახოს, რის წინაშე ვდგავართ", - განაცხადა შავგულიძემ რუსთავი 2-ის ეთერში. 

დაახლოებით 2 წლის წინ, 2014 წლის 28 ოქტომბერს, იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას საზღვარგარეთ ყოფნისას, სამართალდამცველებმა სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვისთვის თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი დააკავეს. სწორედ ამის შემდგომ დაიწყო კოალიცია ქართული ოცნებიდან თავისუფალი დემოკრატების გამოყოფის პროცესი. ბრალდებულები საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 19 ივნისს თავისუფალი დემოკრატების დეპუტატების თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა, თუმცა, 2016 წლის 16 მაისს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო და 7-7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ადვოკატებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თავისუფალი დემოკრატები ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და თვლიან, რომ საქმე პოლიტიკური მოტივაციითაა წარმოებული.

კომენტარები