ენმ-ის გაყოფა

ევროპული საქართველო: მზად ვართ კონსულტაციები გავუწიოთ ენმ-ის წევრებს პარლამენტში

ტაბულა

ფრაქცია ევროპული საქართველო ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში დღეს გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპული საქართველო ენმ-ს ხელს არ უშლის ფრაქციის შემქნაში და კონკრეტულ იურიდიულ დეტალებთან დაკავშირებით მათ კონსულტაციებსაც სთავაზობენ. განცხადებაში ასევე მოუწოდებენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს, რომ მათთან დაპირისპირების ნაცვლად ფოკუსირება ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაზე მოახდინონ.

ფრაქცია ევროპული საქართველო არ უშლის ხელს ენმ- ფრაქციის შექმნაში. ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს იურიდიული დეტალები, რომლებიც შეიძლება ერთი შეხედვით გაუგებარი იყოს ჩაუხედავი პირისთვის, თუმცა ჩვენ მზად ვართ ამ თემასთან დაკავშირებით ტექნიკური კონსულტაციები გავუწიოთ ენმ-ის წარმომადგენლებს პარლამენტში, რათა მათ შეძლონ ფრაქციის შექმნა და ნორმალური ფუნქციონირება. ჩვენი ამოცანა ნამდვილად არ არის ენმ-ისთვის პარლამენტის ფარგლებში საქმიანობისთვის ხელის შეშლა. ამ მიზნით ჩვენ მზად ვართ ორმხრივ რეჟიმში გვქონდეს ურთიერთობები ენმ-ის წარმომადგენლებთან, საჯარო სივრცეში აზრთა სხვადასხვაობის გადმოტანის გარეშე. ჩვენი განცხადება პარტიის გაყოფის დღეს სწორედ იმისკენ იყო მიმართული, რომ ჩვენს შორის მოხდეს ტექნიკური და იურიდიული საკითხების დარეგულირება და თანამშრომლობა ამგვარ დეტალებზე ცივილიზებული ჩარჩოების ფარგლებში. სწორედ ამიტომ შესთავაზა სერგო რატიანმა ენმ- თანამდებობაზე დარჩენა და იურიდიული საკითხების მოგვარება და სწორედ ამიტომ იქნა დროულად გადარიცხული თანხა სპორტის სასახლისთვის, რათა ხელი არ შეშლოდა 20 იანვრისყრილობისჩატარებას. კარგი იქნება, თუ ენმ-ის წარმომადგენლები დღეიდან, ნაცვლად ჩვენთან დაპირისპირების გაგრძელებისა, ფოკუსირდებიან ქართული ოცნების ოპონირებაზე და ძალისხმევებს არ დაიშურებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად.” - წერია ფრაქცია ევროპული საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრები ამომრჩევლის დაბნევის მცდელობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ 12 იანვარს გაკეთებული განცხადებების მიუხედავად ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციები ახალი პარტიის წარმომადგენლებს ოფიციალურად დატოვებული ჯერ არ აქვთ და ამ დამატებითი ფრაქციის შენარჩუნებით ცდილობენ შეინარჩუნონ დამატებითი თანამდებობები და შესაბამისი სარგებელი და სიკეთეები

„12 იანვარს გიგა ბოკერიას გუნდმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დატოვების თაობაზე განცხადება გააკეთა. მეტიც, მათ თავიანი ახალი პოლიტიკური ცხოვრების დასაწყისი ენმ-ის ლანძღვას მოუძღვნეს. დღეს, იგივე ადამიანები აცხადებენ, რომ ისინი არ ტოვებენ ენმ-ის ფრაქციას პარლამენტში. ანუ, მათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე ნიკა მელია დაკავებული პოზიციიდან ხმათა უმრავლესობით მოხსნეს და გადაირქვეს სახელი, თუმცა ამის პარალელურად, შესაბამის სამსახურებს პარლამენტში ეუბნებიან, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგები არ დაუტოვებიათ. ამგვარი ორმაგი თამაშით და პროცედურული ხრიკებით, ისინი ცდილობენ ერთის მხრივ დააბნიონ საზოგადოება და მეორეს მხრივ შეინარჩუნონ დამატებითი თანამდებობები და გამონდინარე სარგებელი. ჩვენ ვპირდებით ჩვენს ამომრჩეველს და ყველა გუკშემატკივარს, რომ არ დავუშვებთ ასეთ უსამართლობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ენმ-ს პარლამენტში წარმოადგენდნენ არა ადამიანები, რომლებიც ლანძღავენ ამ პარტიას, არამედ ის პრლამენტის წევრები, რომლებიც დარჩნენ ენმ-ში და დარჩნენ ერთგული იმ ღირებულებების, რომელზეც ეს მოძრაობა ყოველთვის იდგა.“ - ამბობს ბოკუჩავა.

პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე დღის წინ გაიყო და ახალი პარტიის შექმნა დაანონსდა. ენმ-ს პარტიული სიით პარლამენტში მოხვედრილი 27 დეპუტატიდან 21-მა 12 იანვარს დატოვა. პარტია ასევე დატოვა პოლიტსაბჭოს 27-მა წევრმა. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში 6 დეპუტატი დარჩა და მათ ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა მიეცათ.

კომენტარები