კრიმინალი

კახიძე: კრიმინალის ზრდამ საგანგაშო მასშტაბი მიიღო

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი ოთარ კახიძე ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ ვითარებას აფასებს. კახიძე ამბობს, რომ კრიმინალის ზრდამ საგანგაშო მასშტაბი მიიღო და ხელისუფლებას მოუწოდებს, გადადგან კონკრტული ნაბიჯები პრობლემის გადასაჭრელად.

"სამწუხაროდ, ის, რაც ეგზოტიკურ იშვიათობად ითვლებოდა, დღეს უკვე ყოველდღიური რუტინა გახდა. საზოგადოება უკვე მიეჩვია ყოველდღე იმის მოსმენას, რომ ბანკი დააყაჩაღეს, მაღაზია გაძარცვეს, ვის გაეკიდნენ სროლა-სროლით, ვინ ჩაცხრილეს და კრიმინალის ზრდამ მიიღო უკვე ძალიან საგანგაშო მასშტაბი. მარტო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რამდენიმე გახმაურებული ყაჩაღობა, სროლა, დაჭრა, მკვლელობა არის კრიმინალური ქრონიკა, რასაც ქართული ოცნების მთავრობა ტრადიციული უპასუხისმგებლობით უდგება. ისინი არ აღიარებენ პრობლემას. ამბობენ, რომ ყველაფერი კარგადაა. მათი პასუხი არის ის, რომ დანაშაულის სტატისტიკას მინისტრის გადაწყვეტილებით აღარ აქვეყნებენ. მათ სურთ, რომ საზოგადოებას ინფორმაცია არ მიაწოდონ რეალური მდგომარეობის შესახებ. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები გრძნობენ დანაშაულის ზრდას და ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ტენდენცია. მინდა, მოვუწოდო ქართული ოცნების მთავრობას, აღიარონ პრობლემა და გადადგან კონკრეტული ნაბიჯები გაზრდილი კრიმინალის შესამცირებლად", - ამბობს დეპუტატი.

კახიძე კრიმინალის ზრდის ერთ-ერთ მიზეზად ქართული ოცნების მიერ წინასაარჩევნოდ დანაშაულებრივი სამყაროს გამოყენებას ასახელებს.

"ეს სურათი ჩვენ გვაქვს, მათ შორის, იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ ქართულმა ოცნებამ გამოიყენა დანაშაულებრივი სამყარო და ახლა ჩვენს საზოგადოებას უწევს ფასის გადახდა ამ უპასუხისმგებლო ნაბიჯის გამო. უდიდესი ძალისხმევა დაიხარჯა იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო უსაფრთხო ქვეყანა და ჩვენ წლების განმავლობაში ამ სერიოზულ მიღწევას ვფლანგავთ მავნებლური და უპასუხისმგებლო პოლიტიკის გამო, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება ახორციელებს", - თქვა კახიძემ.

2016 წლის პირველ ათ თვეში საქართველოში რეგისტრირებული კრიმინალის რაოდენობამ 32.6 ათასი შეადგინა, ეს 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2125 კრიმინალური ფაქტით, ანუ 6.7%-ით მეტია. ამის შესახებ ტაბულას მიერ შსს-დან გამოთხოვილი დოკუმენტაციიდან ხდება ცნობილი. ამავე სტატისტიკიდან ირკვევა, რომ წინა წელთან შედარებით შემცირებულია დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი. ჩადენილი 32.6 ათასი დანაშაულიდან, 13 ათასი შემთხვევაა გახსნილი, რაც საერთო დანაშაულთა 40%-ს შეადგენს, გასულ წელს კი გახსნის მაჩვენებელი 45%-ს შეადგენდა. შსს კრიმინალის სტატისტიკას თავის სტატისტიკის პორტალზე იანვრის შემდგომ აღარ აქვეყნებს.

კომენტარები