მესტვირიშვილი: სავალუტო რისკი უნდა გადავიდეს მათზე, ვისაც მისი მართვა შეუძლია

ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი
ტაბულა

იპოთეკური სესხების გალარების სოციალური აქცია 17 იანვრიდან იწყება. პროგრამის დაწყებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ვიცეპრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი პროგრამის მიზნებზე საუბრობს. მესტვირიშვილის თქმით, პროგრამის მიზანია, სავალუტო სესხი გადავიდეს მათზე, ვისაც ამ რისკების მართვა უკეთ შეუძლია და ეს, როგორც წესი, ფიზიკური პირები არ არიან.

"გალარების პროგრამის მთავარი მიზანია ის, რომ სავალუტო რისკი გადავიდეს მათზე, ვისაც მისი მართვა შეუძლიათ. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, მათ ეს შესაძლებლობა ნაკლებად აქვთ", - ამბობს მესტვირიშვილი.

პროგრამა 2015 წლამდე დოლარში გაცემულ იპოთეკურ სესხებზე ვრცელდება, მისი ამოქმედების შემდეგ კი ბანკები ვალდებული არიან, შეატყობინონ ყველა კლიენტს, ვისაც პროგრამა ეხება.

არჩილ მესტვირიშვილის თქმით, პროგრამა სულ შეეხება დაახლოებით 27 ათას ფიზიკურ პირს, რომელთა სესხის საშუალო მოცულობა $15 ათასია. ჯამში ამ სესხების მთლიანი პორტფელი დაახლოებით $400 მილიონია.

ეს მსესხებლები სესხის ლარში გადაყვანის სუბსიდიას მიიღებენ, მაგალითად, თუ ახლა კურსი 2.73-ია, გალარებისას კურსი 2.53-ში იანგარიშება. კურსებს შორის არსებული 20-თეთრიანი სხვაობა "გალარების სუბსიდიაა", მასზე ცენტრალური ბიუჯეტიდან დაახლოებით 65 მილიონის დახარჯვა იგეგმება.

გალარების სუბსიდია არ შეეხება მაღალი შემოსავლების მქონე პირებს - ვისი წლიური შემოსავალიც 2015 წელს 100,000 ლარზე მეტი იყო ან ვისი სესხის ნარჩენი ოდენობა აღემატება 100 ათას აშშ დოლარს.

არჩილ მესტვირიშვილის თქმით, დოლარის სესხების ლარში კონვერტაციას საპროცენტო განაკვეთების ზრდა არ უნდა მოჰყვეს - "კომერციული ბანკები გალარებულ სესხებს გასცემენ არსებული საბაზრო პროცენტით. მაგალითად, დღეის მდგომარეობით, ლარით გაცემული ცვლადპროცენტიანი იპოთეკური სესხების საბაზრო პროცენტი 10%-ის ფარგლებშია".

გალარების შედეგად ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები დაახლოებით $400 მილიონით შეიძლება შემცირდეს:

გალარება ეხება მსესხებლებს, ბანკებში კი ეს სესხები ისევ დოლარის სესხად რჩება. მსესხებელთა მიერ გადახდილი ლარის სანაცვლოდ ბანკები დოლარის რესურსს მიიღებენ, რასაც მათ ეროვნული ბანკი საკუთარი რეზერვებიდან მიაწვდის.

ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის პოზიციით, სესხების ამ პორტფელის ლარში გადატანა ამ პირებს სავალუტო რისკებს თავიდან ააცილებს. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ცვლილებას ლარზე ზეწოლის შემსუბუქებაც მოჰყვება, რადგანაც მსესხებლებს არ მოუწევთ ყოველდღიურად დოლარის შესყიდვა, რათა ის ბანკში გადაიხადონ, რაც ამ სესხების მხრიდან ლარზე ზეწოლას მოხსნის.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის 31 დეკემბრისთვის საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა $2.56 მილიარდია, რაც რეზერვების მოცულობის პიკურ პერიოდს - 2013 წლის ოქტომბერს - 12.6%-ით ჩამოუვარდება, მაშინ სავალუტო რეზერვები დაახლოებით $2.9 მილიარდს შეადგენდა. 2016 წლის მანძილზე კი სავალუტო რეზერვები დაახლოებით 10%-ით გაიზარდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) კლასიფიკაციით, ქვეყნების სავალუტო რეზერვები მათი სამი თვის იმპორტის მაჩვენებლებზე ნაკლები არ უნდა იყოს, რაც საქართველოს შემთხვევაში დაახლოებით $2.7 მილიარდია (ნოემბერი, ოქტომბერი, სექტემბერი).

კომენტარები