NDI-ის კვლევა

თორნტონი: NATO-სა და ევროკავშირზე ეთნიკური უმცირესობის მეტი ინფორმირებაა საჭირო

ტაბულა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორი მიიჩნევს, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობის ინფორმირებისთვის ხელისუფლებამ უფრო მეტი ნაბიჯი უნდა გადადგას.

"ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ფლობენ ნაკლებ ინფორმაციას. ძალიან დიდი ნაწილი ამბობს, რომ არ იცის, ემხრობა თუ არა NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც იმას მიანიშნებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უფრო მეტი ნაბიჯი უნდა გადადგას ამ საკითხთან დაკავშირებით", - ამბობს თორნტონი.

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, კითხვაზე - "მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი", ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში 29% უარყოფითად პასუხობს, ხოლო 47% დადებითად.

რაც შეეხება NATO-ს, სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ ანალოგიურ შეკითხვას უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში 32% პასუხობს უარყოფითად, ხოლო 39% დადებითად.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +-1.8%.

კომენტარები