NDI-ის კვლევა

რუხაძე NDI-ზე: 3-5 წელიწადში განწყობები თანაბარი ან პრორუსულისკენ გადახრილი იქნება

ტაბულა

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი რუხაძე საკუთარ Fb გვერდზე NDI-ის კვლევას აფასებს. რუხაძე წერს, რომ კვლევის საგარეო პოლიტიკის ნაწილში საგანგაშო ტენდენციაა.

"NDI-ის კვლევების საგარეო პოლიტიკის ნაწილში აშკარად საგანგაშო ტენდენციაა. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ პრორუსული განწყობები იზრდება და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, 3-5 წელიწადში განწყობები ან თანაბარი ან პრორუსულისკენ გადახრილი იქნება, რაც ქვეყნის ორიენტაციის ცვლილებას შესაძლებელს გახდის", - წერს გიორგი რუხაძე.

NDI-ის ცნობით, გამოკითხულთა 61% ამბობს, რომ მათთვის მისაღებია NATO-ში გაწევრიანება, ხოლო 25%-სთვის მიუღებელი. აღსანიშნავია, რომ წინა კვლევებთან შედარებით, NATO-ში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი შემცირებულია. კერძოდ. 2016 წლის ივლისში 64%-სთვის იყო მისაღები NATO-ს წევრობა, 2016 წლის მარტში კი, 68%-სთვის.

ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი კვლევაში მონაწილეთა 18%-ია, 2016 წლის ივნისში ეს მაჩვენებელი 16% იყო, 2016 წლის მარტში კი, 14%.

კითხვაზე, "თქვენი აზრით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს", კვლევაში მონაწილეთა 12% პასუხობს, რომ "პროდასავლური". 54% მიიჩნევს, რომ "პროდასავლური, მაგრამ უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან", 18%-ის აზრით, "პრორუსული, თუმცა, უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ნატოსთან და ევროკავშირთან", 9% კი ფიქრობს, რომ საგარეო პოლიტიკა პრორუსული უნდა იყოს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარია +/- 1.8%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები