ენმ-ის გაყოფა

უგულავა: პრობლემა იყო, რომ ენმ-ს პრემიერმინისტრობის კანდიდატი არ ჰყავდა

გიგი უგულავა
რუსთავი 2

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას თქმით, პრობლემა იყო, რომ წინასაარჩევნოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას პრემიერმინისტრობის კანდიდატი არ ჰყავდა. ამის შესახებ უგულავამ TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"ფაქტი იყო ის, რომ გაბანკროტებულ ქართულ ოცნებას არაფერი არ ჰქონდა სალაპარაკო, დააკვირდით, არაფერს არ დაპირდა საზოგადოებას, 2012-ში ხომ კორიანტელი იყო, ამ არჩევნებზე ერთი დაპირება გახსოვთ? ასე მშრალად არც ერთ არჩევნებზე არც ერთი პარტია არ გასულა, რატომ? იმიტომ, რომ იგივე კარტი გაათამაშეს - შეექმნათ საფრთხობელა, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით მიშა სააკაშვილისგან. ეს მოახერხეს. არ უნდა მისცე საბაბი შენს მოწინააღმდეგეს - გაათამაშოს ერთადერთი დარჩენილი კოზირი. გამოვიდა ისე, რომ ივანიშვილის თოჯინების თეატრში ჩვენ რაღაც ყარაბას-ბარაბასის როლს ვასრულებდით, ეს არის პრობლემა", - თქვა უგულავამ.

გადაცემის წამყვანის კითხვას, "ეს ტაქტიკის ნაწილი იყო, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ თქვით - ყარაბას-ბარაბასი აღარ გვინდა?", უგულავა პასუხობს, რომ არავითარი ტაქტიკა არ ყოფილა.

"ადამიანს ვერ აუკრძალავ აქტივობას, ჩვენ ასეთი ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ იყო ბუნებრივი ჭიდილი, მე ციხიდან ღია წერილიც გავავრცელე და ვთქვი, რომ სააკაშვილი არ იყო ჩვენი პრემიერმინისტრობის კანდიდატი, არ იყო, მაგრამ სხვა რომ არავინ არ იყო, ესეც პრობლემა იყო. როგორ წარმოგიდგენიათ, საპარლამენტო რესპუბლიკაში პარტიას, რომელსაც გამარჯვებაზე აქვს პრეტენზია, არ ჰყავდეს პრემიერმინისტრობის კანდიდატი? რატომ არ იყო? იმიტომ, რომ ვერ შეთანხმდნენ, ხო? პრობლემა ისაა, რომ ერთი ხელი ერთს აკეთებს, მეორე მეორეს და ერთმანეთში არ არის კოორდინაცია", - თქვა უგულავამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე დღის წინ გაიყო და ახალი პარტიის შექმნა დაანონსდა. საპარლამენტო უმცირესობის 27 დეპუტატიდან 21-მა ენმ 12 იანვარს დატოვა. პარტია ასევე დატოვა პოლიტსაბჭოს 27-მა წევრმა. 

კომენტარები