მოლაპარაკებები გაზპრომთან

ვოლსკი Gazprom-ზე: 100%-იანი სწორი ნაბიჯები იქნა გადადგმული

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი Gazprom-თან მიღწეულ შეთანხმებას აფასებს და ამბობს, რომ კომერციულად სწორი ნაბიჯები იქნა გადადგმული.

"ძალიან კარგია, როდესაც პროცენტით გეძლევა, იმიტომ რომ რაოდენობრივად და ფასის მიხედვით თუ გადაიანგარიშებ, რასაკვირველია, მეტი სარგებელი აქვს ქვეყანას ამ შემთხვევაში. მაგრამ, როდესაც მთავარი მომწოდებელი, ვისზეც არის ამ გაზის მოწოდება დამოკიდებული, გეუბნება, რომ ნაწილობრივ უნდა გადავიდეთ მონეტარიზაციაზე, ისევე როგორც მსოფლიოში საერთოდ ცივილიზებულ ეკონომიკურ ურთიერთობებშია მიღებული, შენ გაქვს ორი შანსი: 1) გააჩერო საერთოდ ეს შეთანხმება და ის მილი დაჭრა და ჯართში ჩააბარო, დაუპირისპირდე სომხეთის ინტერესებს, მისცე რუსეთს საშუალება, რომ შენ გარეშე მოამარაგოს სომხეთი და შენ კიდევ უფრო დიდი დეფიციტი შექმნა; 2) წახვიდე ისეთ მოლაპარაკებებზე, რომელიც მნიშვნელოვანწილად გიტოვებს რესურსს, გქონდეს მართალი სატრანზიტო სახელმწიფოს ჩრდილმიუყენებელი იმიჯი, განავითარო შენი შესაძლებლობები, მოიზიდო ენეგრო რესურსები და, რა საკვირველია, დეფიციტი უნდა შეავსო - ეს ვალდებულებაა. უკრაინის დაპირისპირების თემა მოჰყავთ ხოლმე ხშირ შემთხვევაში და საერთოდ რუსეთმა უკრაინის გვერდის ავლით შეძლო ამ მომარაგების განხორციელება. კომერციულად, ვფიქრობ, 100%-იანი სწორი ნაბიჯები იქნა გადადგმული", - თქვა გია ვოლსკიმ.

საქართველო 2018 წლიდან მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურად, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებას მიიღებს. 2017 წლის მანძილზე კი ისევ ნედლეულით ანაზღაურება მოხდება. კალაძის თქმით, ამ ცვლილებით საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე არ გაიზრდება.

Gazprom-ი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას გასულ წელსაც სთავაზობდა, თუმცა მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა.

კომენტარები