ე.წ კაბელების საქმე

გოგუაძე: დაუჯერებელი უსამართლობაა ის, რაც ე.წ კაბელების საქმის პროცესზე ხდება

ტაბულა

თავისუფალი დემოკრატების ნინო გოგუაძის თქმით, ის, რაც ე.წ კაბელების საქმის სასამართლო პროცესზე ხდება, არის "დაუჯერებელი უსამართლობა". გოგუაძემ რუსთავი ორის ეთერში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ე.წ კაბელების საქმეზე დაკავებულები პოლიტიკური პატიმრები არიან.

"ამ ადამიანებს ედავებიან იმ ფულის გაფლანგვას, რომელთანაც მათ არავითარი შეხება არ ჰქონიათ. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პროექტი წარადგინა მთავრობის სხდომაზე, მთავრობამ მოიწონა, პრემიერმა ხელმოწერით დაადასტურა პროექტის ვარგისიანობა და გადაუგზავნა ფინანსთა სამინისტროს, მინისტრმა გამოყო თანხა, გადაუგზავნა თავდაცვის სამინისტროს, სამინისტრომ გადაუგზავნა სილქნეტს და არც ერთ ეტაპზე ამ ადამიანებს ამ თანხასთან არ ჰქონიათ შეხება და დღეს მათ სწორედ ამ თანხის გაფლანგვას ედავება სასამართლო. ეს საქმე არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური. დიახ, ისინი არიან პოლიტიკური ტყვეები, ამას მარტო მე და ჩემი პარტია არ ვამბობთ. ამას ამბობს სახალხო დამცველი, ამას ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროპარლამენტის წევრები" - თქვა გოგუაძემ და აღნიშნა, რომ ე.წ კაბელების საქმე უკვე მთელი ქვეყნის პრობლემაა.

დღეს, სააპელაციო სასამართლოში, ე.წ კაბელების საქმეზე ბრალდებულები სიტყვით გამოვიდნენ. მათი განცხადებით, ბრალი ედებათ დანაშაულში, რომელიც არათუ არ ჩაუდენიათ, არამედ, არც მომხდარა.

2014 წლის 28 ოქტომბერს, იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას საზღვარგარეთ ყოფნისას, სამართალდამცველებმა სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვისთვის თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი დააკავეს. სწორედ ამის შემდგომ დაიწყო კოალიცია ქართული ოცნებიდან თავისუფალი დემოკრატების გამოყოფის პროცესი. ბრალდებულები საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 19 ივნისს თავისუფალი დემოკრატების დეპუტატების თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა, თუმცა, 2016 წლის 16 მაისს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო და 7-7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ადვოკატებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თავისუფალი დემოკრატები ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და თვლიან, რომ საქმე პოლიტიკური მოტივაციითაა წარმოებული.

კომენტარები