მოლაპარაკებები გაზპრომთან

პრეზიდენტი: Gazprom-თან ხელმოწერით ზიანდება ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესი

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/PresidentMargvelashvili

"ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით გაუარესდა ქვეყნის ენერგოსექტორი. დაზიანდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესი", - ამბობს პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე Gazprom-თან გასაფორმებელი ხელშეკრულების შესახებ.

"საბოლოოდ მივიღეთ უარესი ვითარება სხვადასხვა მიმართულებით, რასაც შესაძლოა, სამომავლოდ მთელი რიგი პრობლემებიც მოჰყვეს. ქვეყნის პირველი პირი, საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს, განახორციელოს მისი კონსტიტუციური ვალდებულება და გააძლიეროს საზედამხედველო ფუნქცია, ასევე შემოგვთავაზოს გეგმა, თუ როგორ მოხდება მოსალოდნელი რისკებისა და საფრთხეების დაზღვევა და მინიმალიზაცია.

განსაკუთრებით გაუგებარია, რატომ მოხდა ქვეყნის პოზიციების შესუსტება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს დეკლარირებული საგარეო-ეკონომიკური ვექტორი არის რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაუმჯობესება და ამ მხრივ, ე.წ. პრაღის ფორმატის ფარგლებში მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევაც მოხერხდა ყველა მიმართულებით. თუმცა, „გაზპრომთან“ ხელშეკრულების ხელმოწერით, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან - ენერგოსექტორში, მდგომარეობა გაუარესდა", - ამბობს პრეზიდენტის სპიკერი.

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, საქართველო დათანხმდა Gazprom-ის მოთხოვნას, რის შედეგადაც 2017-2018 წლებში საქართველო მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით სომხეთში რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურად, წარსულში არსებული ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, გარკვეულ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ვალიშვილის თქმით, ეს საფასური იმაზე ნაკლები იქნება, რასაც საქართველო ძველი კონტრაქტის პირობებში იღებდა, თუმცა კონტრაქტი საიდუმლოდ დარჩება.

Gazprom-ი საქართველოსთან მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება. Gazprom Export-ის დირექტორის ელენა ბურმისტროვას თქმით, მიღწეული შეთანხმება "ორივე მხარისთვის ოპტიმალურია".

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები რუსულ ენერგოგიგანტთან გასაფორმებელი ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვენ. პლატფორმა "დაიცავი თავისუფლება" კი, Gazprom-ის მოთხოვნაზე ქართული მხარის თანხმობის გაპროტესტებას 18 იანვარს, კანცელარიის წინ დაგეგმილ აქციაზე გეგმავს.

Gazprom-ი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას გასულ წელსაც სთავაზობდა, თუმცა მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები