ტურიზმი

ქუვეითის დაფინანსებით, გოდერძის კურორტამდე მისასვლელი გზის რეკონსტრუქცია იგეგმება

snow.ge

გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის, ქუვეითმა 8 მილიონი ქუვეითური დინარი გამოყო. სასესხო ხელშეკრულება არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდსა და ფინანსთა სამინისტროს შორის დღეს გაფორმდა. 

კერძოდ, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ბათუმი-ახალციხის არსებული ორზოლიანი გზის დაახლოებით 29 კმ-იან ხულო-გოდერძის მონაკვეთს. პროექტი ასევე მოიცავს აღნიშნულ მონაკვეთზე 4 ხიდის რეკონსტრუქციას, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობას და ასევე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მონიშვნებს.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცეპრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილემ ჰიშამ ალ ვაკაიანმა.

ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, აღნიშნული გზის აღდგენა პოტენციურ დამსვენებლებს და ადგილობრივ მოსახლეობას გოდერძის სამთო კურორტზე მისვლას მნიშვნელოვნად გაუიოლებს, ბიზნესს კი ადგილზე ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის სტიმულს მისცემს.

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთი სულ 47-კილომეტრიანია. პირველ ეტაპზე რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება გზის 29-კილომეტრიან მონაკვეთს. მისი განხორციელების შედეგად, აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების დრო შემცირდება.

კომენტარები