განახლებადი ენერგია

მთავრობა 150-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის ასაშენებლად ინვესტორს ეძებს

კახა კალაძე ქარის ელექტროსადურის ფონზე
instagram.com/kakhakaladze

მთავრობა ზესტაფონის მიმდებარედ 150-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის ასაშენებლად ინვესტორს ეძებს, ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის განვითარების ფონდი ავრცელებს.

ელექტროსადგურის მშენებლობისთვის ინვესტორს სახელმწიფოს მიერ 2010 წელს დაფუძნებული კომპანია "ენერგეტიკის განვითარების ფონდი" ეძებს. პროექტის ღირებულება $227 მილიონია და 50 ტურბინისგან შედგება.

ენერგეტიკის განვითარების ფონდის ცნობით, შერჩეულ ტერიტორიაზე წინასწარი კვლევა ჩატარებულია, წინადადებების წარდგენისთვის ინვესტორებს 18 იანვრიდან ერთთვიანი ვადა ექნებათ, რის შემდგომაც კანდიდატებს შორის გამარჯვებული გამოვლინდება.

საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური - ქართლის ქარის ელექტროსადგური - ექსპლოატაციაში 2016 წლის ბოლოს შევიდა. ელექტროსადგურის ჯამური სიმძლავრე 20.7 მეგავატია და ის 6 ერთეული 3.45-მეგავატიანი Vestas-ის ტურბინისგან შედგება. 

ქარის ელექტროსადგურის მიერ გამოშვებულ ენერგიას სახელმწიფო ელექტროსისტემა წინასწარ განსაზღვრული ტარიფით შეიძენს. ქართლის ქარის ელექტროსადგურს, სახელმწიფო ელექტროსისტემას, საქართველოს მთავრობასა და ელექტროენერგიის კომერციულ ოპერატორს (ესკოს) შორის გაფორმებული მემორანდუმით ესკო იღებს ვალდებულებას, 10 წლის განმავლობაში შეისყიდოს სადგურის მიერ გამომუშავებული 100% ელექტროენერგია $6.89 ცენტად. რაც დაახლოებით იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულების ტოლფასია.

სემეკის ცნობით, წელს გორის ქარის ელექტროსადგური 88 მილიონ კილოვატსაათ ენერგიას გამოიმუშავებს, შესაბამისად, მასში ბიუჯეტი $6 მილიონ დოლარს გადაიხდის. გამომუშავების ამ მოცულობის პირობებში, მომავალი 10 წლის მანძილზე ელექტროსადგურის დენის შესყიდვაზე ბიუჯეტიდან $60 მილიონი დაიხარჯება.

პროექტი $24-მილიონიანი შეღავათიანი კრედიტით EBRD-მა დააფინანსა. ქარის ელექტროსადგური შპს "ქართლის ქარის ელექტროსადგურს" ეკუთვნის, კომპანიის დამფუძნებელი სახელმწიფოა.

კომენტარები