გაზპრომთან მოლაპარაკებები

კანცელარიასთან გაზპრომის საწინააღმდეგო აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან

ტაბულა

პლატფორმა დაიცავი თავისუფლება მთავრობის კანცელარიასთან გაზპრომის საწინააღმდეგო აქცია-პერფორმანსს მართავს. 

"თახვის დღის პერსონაჟის მდგომარეობაში ვართ, წრეზე წავედით, ვაპროტესტებთ იმას, რასაც ვაპროტესტებდით შარშან, გაზპრომზე საქართველოს ენერგოდამოკიდებულების გაზრდას. დღეს ჩვენ ვართ ძალიან უცნაურ მდგომარეობაში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი, რომ მისთვის მომგებიანი სიტუაცია ჩვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოს და რატომღაც მაინც მიდის დათმობებზე რუსეთთან მაშინ, როდესაც რუსეთს ჩვენ მიღმა გზა არ აქვს. ირანის მილსადენი მოაქვთ მაგალითად - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ირანიდან მიიღებს სომხეთი გაზს, ესეც კი ჩვენთვის პოლიტიკურად მომგებიანი იქნება", - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი თამარ ჩერგოლეიშვილი.


ფოტო: ტაბულა
დაიცავი თავისუფლება ენერგეტიკის სამინისტროსგან გაზპრომთან ხელშეკრულების დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.

როგორც ცნობილია, საქართველო 2018 წლიდან მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულადი სახით მიიღებს. 2017 წლის მანძილზე კი ისევ ნედლეულით ანაზღაურება მოხდება. ენერგეტიკის მინისტრის კალაძის თქმით, ამ ცვლილებით საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე არ გაიზრდება. ამასთან, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველომ Gazrpom-ისგან ფასდაკლებაც მიიღო - იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობები დასჭირდება, Gazprom-ი ათას კუბურ მეტრს $215-ის ნაცვლად $185-ად მიყიდის.

მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით გასულ წელს საქართველოს გავლით სომხეთს დაახლოებით 2.1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიეწოდა, საიდანაც 0.3 მილიარდი საქართველოში დარჩა.

Gazprom-ი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას გასულ წელსაც სთავაზობდა, თუმცა მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა.

კომენტარები