გაზპრომთან მოლაპარაკებები

კალაძე: რუსეთი სომხეთს ირანულ გაზს მიაწვდიდა, ამიტომ ჩვენ სწორად მოვიქეცით

ტაბულა

"რუსეთს დღეს ბუნებრივი აირი შეუძლია მიაწოდოს სომხეთს, ირანის გავლით, სომხეთი არ დარჩება ბუნებრივი აირის გარეშე. ამით ჩვენ რა თქმა უნდა მივიღებდით ძალიან დიდ ზარალს",- ამბობს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. კალაძის შეფასებით, ეს რუსულ ენერგოგიგანტთან შეთანხმებაზე წავსლისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო.

კალაძის თქმით, ამის დაშვება საქართველოს პოლიტიკურ და ფინანსურ ზარალს მიაყენებდა.

"ეს იქნებოდა გინდ ფინანსურად და გინდ პოლიტიკურად ძალიან წამგებიანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ რა თქმა უნდა ამას არ დავუშვებდით. ჩვენ მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება, იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც დღეს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთაა", - ამბობს კალაძე.

არსებული მდგომარეობით სომხეთი წელიწადში 500 მილიონ კუბურ მეტრ ირანულ გაზს ყიდულობს. ირან-სომხეთს შორის 2009 წელს გახსნილი მილსადენის გამტარიანობა კი წელიწადში 1 მილიარდი მეტრ კუბია, სომხეთში კი ბუნებრივი აირის მოხმარება 2.1 მილიარდი მეტრ კუბია. ირან-სომხეთის დამაკავშირებელი მილსადენის გამტარიანობის 2.3 მილიარდ მეტრ კუბამდე გაზრდა 2019 წლის შემდგომაა დაგეგმილი, იქამდე კი სომხეთს ამ მოცულობის ირანული გაზის მიღება არ შეუძლია.

ირანსა და სომხეთს შორის დადებული ხელშეკრულება ბარტერულია, სომხეთი თითოეულ იმპორტირებულ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე ვალდებულია, რომ ირანს მიაწოდოს 3 კილოვატ საათი ელექტროენერგია.

კალაძის თქმით, Gazprom-თან დადებული ხელშეკრულება არ გასაჯაროვდება.

გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ამომწურავად იქნა ინფორმაცია მიწოდებული მედიის საშუალებით, ასევე შედგა კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ექსპერტებთან და არასამთავრობოებთან. ძალიან სამწუხაროა, რომ გვიწევს ცალკეული პოლიტიკოსების თუ პოლიტიკური ჯგუფების, მათთან ასოცირებული ორგანიზაციების საზოგადოებისაგან გამიჯვნა და მათზე განმარტებების გაკეთება", - თქვა კალაძემ.

ბრიფინგის პარალელურად კანცელარიასთან გაზპრომთან მოლაპარაკებებს აპროტესტებენ და მოითხოვენ, გასაჯაროვდეს რუსულ ენერგოგიგანტთან ხელშეკრულების ახალი პირობები.

საქართველო 2018 წლიდან მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულადი სახით მიიღებს. 2017 წლის მანძილზე კი ისევ ნედლეულით ანაზღაურება მოხდება. ენერგეტიკის მინისტრის კალაძის თქმით, ამ ცვლილებით საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე არ გაიზრდება. ამასთან, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველომ Gazrpom-ისგან ფასდაკლებაც მიიღო - იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობები დასჭირდება, Gazprom-ი ათას კუბურ მეტრს $215-ის ნაცვლად $185-ად მიყიდის.

მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით გასულ წელს საქართველოს გავლით სომხეთს დაახლოებით 2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიეწოდა, საიდანაც 0.2 მილიარდი საქართველოში დარჩა.

Gazprom-ი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას გასულ წელსაც სთავაზობდა, თუმცა მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა.

კომენტარები