კრიმინალი

დიაკვნის სახლიდან 2 ძირი მარიხუანა ამოიღეს, მას თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

გირჩი

18 იანვრის ღამით სამართალდამცველებმა მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს მამათა მონასტრის დიაკონ გიორგი ჯახუას სახლიდან 2 ძირი მარიხუანა და ანტიკვარული იარაღი ამოიღეს, - ამის შესახებ დიაკვანმა გირჩის ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სასულიერო პირი ამბობს, რომ სამართალდამცველებს ჩხრეკის ორდერი არ ჰქონდათ.

"18-ში 00:15 საათზე ჩემთან სახლში შემოვიდა შეიარაღებული ხალხი. მოვთხოვე ჩხრეკის ორდერი. მითხრეს, რომ არ არის აუცილებელი. გადაუდებელი აუცილებლობა გვაქვს და უნდა შემოვიდეთ გასაჩხრეკად. იყო ჩვეულებრივი ანტიკვარული იარაღი, ბავშვი თამაშობდა. პოლიციის უფროს ვასილ მახვილაძეს მოეწონა, ძალიან ძველი ყოფილა, შენ რად გინდაო, ჩაიდო ჯიბეში და კარგად იყავიო. მეც წინააღმდეგობა არ გავუწიე", - ამბობს დიაკონი.

სასულიერო პირისვე თქმით, ის კანაფს სამკურნალო მიზნით იყენებს.

"ავად ვარ და ორი წელია სახლში ვწევარ, C ჰეპატიტი, B კატეგორიის დიაბეტი, ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე და პანკრიატიტი მაქვს. თავის მკურნალობა რითაც შემეძლო და ჩემი ჯიბე რასაც წვდებოდა, ეს იყო კანაფი. ამას ორი წელიწადია ვხმარობ, ყველას უკვირს, როგორ ვარ ცოცხალი ამდენი ხანი, თვითონ ექიმსაც. ტკივილების გასაყუჩებლად ვიყენებ. ახლაც დიაკონი ვარ, ჩემთვის არავის აუკრძალავს დიაკვნობა", - თქვა დიაკვანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გიორგი ჯახუა სასულიერო პირი არ არის. უწყებაში არც იარაღის ამოღების ფაქტს ადასტურებენ. ტაბულა შეეცადა საპატრიარქოში გადაემოწმებინა, არის თუ არა გიორგი ჯახუა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედი ღვთისმსახური, თუმცა, ამ ეტაპზე ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის 260-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს. აღნიშნული სამართალდარღვევისთვის პირი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტ წლამდე.

კომენტარები