გაზპრომთან მოლაპარაკებები

ევროპული საქართველო უმრავლესობას გაზპრომის თემაზე დებატში იწვევს

ტაბულა

საპარლამენტო ფრაქცი "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის სერგო რატიანის თქმით, ფრაქცია საპარლამენტო უმრავლესობას გაზპრომის თემაზე პოლიტიკურ დებატში იწვევს. რატიანის განმარტებით, პოლიტიკური დებატის იდეა იმიტომ გაუჩნდათ, რომ მათ მოთხოვნაზე, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე მისულიყო პარლამენტში და ეპასუხა გაზპრომთან დაკავშირებულ შეკითხვებზე, პასუხი ვერ მიიღეს.

"ჩვენ მოვითხოვეთ ენერგეტიკის მინისტრის, კალაძის შეხვედრა უმცირესობასთან. ეს შეხვედრა უნდა გამართულიყო 17-20 იანვარს, დღეს ბოლო დღეა და, ფაქტობრივად, კალაძემ განაცხადა უარი პარლამენტში მოსვლაზე, რითიც დაარღვია კანონი. გამომდინარე იქიდან, რომ გაზპრომის თემა არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოსათვის, ჩვენ მოვითხოვთ, რომ პარლამენტში გაიმართოს პოლიტიკური დებატები. რახან არ მოდის კალაძე, უმრავლესობას მოუწევს გასცეს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ჩაიდინა ხელისუფლებამ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. თუ რატომ დააზიანა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და რატომ ჩაიდინა ის ქმედება, რასაც ქვეყნისთვის ეკონომიკური ზიანის მიყენება ჰქვია", - ამბობს რატიანი.

გაზპრომთან მიღწეული შეთანხმება მოქალაქეებმაც გააპროტესტეს. აქცია მთავრობის კანცელარიის წინ, სამოქალაქო პლატფორმის - "დაიცავი თავისუფლება" -ორგანიზებით ჩატარდა. მათი მთავარი მოთხოვნაა, ენერგეტიკის სამინისტრომ გაასაჯაროოს ხელშეკრულების დეტალები. 

როგორც ცნობილია, საქართველო 2018 წლიდან მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულადი სახით მიიღებს. 2017 წლის მანძილზე კი ისევ ნედლეულით ანაზღაურება მოხდება. ენერგეტიკის მინისტრის კალაძის თქმით, ამ ცვლილებით საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე არ გაიზრდება. ამასთან, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველომ Gazrpom-ისგან ფასდაკლებაც მიიღო - იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობები დასჭირდება, Gazprom-ი ათას კუბურ მეტრს $215-ის ნაცვლად $185-ად მიჰყიდის.

მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით გასულ წელს საქართველოს გავლით სომხეთს დაახლოებით 2.1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიეწოდა, საიდანაც 0.3 მილიარდი საქართველოში დარჩა.

Gazprom-ი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას გასულ წელსაც სთავაზობდა, თუმცა მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა.

კომენტარები