ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

სააკაშვილი: ნაციონალური მოძრაობა აღმოჩნდა ივანიშვილის მხრიდან დარტყმის ქვეშ

TODAYonline

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სპორტის სასახლეში მიმდინარე ყრილობაზე შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა. სააკაშვილი პარტიაში ბოლოდროინდელ მოვლენებს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დარტყმას უკავშირებს. გამოყოფილ ჯგუფს კი, "გარკვეული პირების ელიტურ კლუბს" უწოდებს.

"ჩვენი პარტია არ არის მხოლოდ გარკვეული პირების ელიტური კლუბი, ეს არ შეიძლება, იყოს პატარა ჯგუფის საკუთრება. ნაციონალური მოძრაობა არის, პირველ რიგში, ემოცია, რომელსაც თან ახლავს ქვეყნის გადარჩენის ბრძოლაში აღებული დიდი პასუხისმგებლობა. ეს არის საქართველოს განვითარებისთვის სასიცოცხლო ფასეულობების ერთიანობა და იდეალების მუდმივობა.

ამიტომ, მგონი, ყველამ დაინახა ბოლო კვირებსა თუ თვეებში, როგორც იდეალები არ იყოფა, ისევე არ იყოფა ნაციონალური მოძრაობა, როგორც სამშობლო არ იშლება ნაწილებად, ისევე არ იშლება ნაციონალური მოძრაობა, როგორც მუდმივია ეროვნული ფასეულობები და ღირებულებები, ასევეა მუდმივი ჩვენი ერთგულება ჩვენი იდეების და შეხედულებების მიმართ.

ჩემო მეგობრებო, ხემ რომ კარგად გაიხაროს, მას პერიოდულად სჭირდება გასხვლა და ძველის და უვარგისის მოშორება, რათა ახალს და სიცოცხლისუნარიანს გაეხსნას გზა. პარტია ცოცხალი ორგანიზმია, ძველი უჯრედები კვდება, ახლები იბადება. ყოველ ჯერზე ბევრი ახალი უჯრედი იბადება ძველის შესაცვლელად. ამიტომ არ იზომება პარტია ადამიანებით, რომლებიც უერთდებიან და აკლდებიან მას. ის იმ დიდი პასუხისმგებლობით, დიდი იდეებითა და ემოციებით იზომება, რომელიც ამ დარბაზშია, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვის და გაძლიერების მისია აკისრია.

მგონი, დავინახეთ კარგად, სად დარჩა ორგანიზაციის ნიჭი, ინტელექტი და ხალასი. ეს ყრილობა არის მინიმუმ ისეთი ორგანიზებული, როგორც სხვა ყრილობები და იმათზე უკეთესიც, იმიტომ, რომ იყო განსაკუთრებული მომენტი, როდესაც ნაციონალური მოძრაობა აღმოჩნდა ივანიშვილის მხრიდან დარტყმის ქვეშ. ხომ კარგად დაინახეთ და ყველამ კარგად გადახედეთ, სად არის ნაციონალური მოძრაობა, სად არის ორგანიზება, სად არის ნიჭი, სად არის ინტელექტი და სად არის რწმენა. აი, პასუხი ივანიშვილს და ყველაფერს იმას, რაც მოხდა ბოლო თვეებში", - თქვა სააკაშვილმა. 

კომენტარები