გაზპრომთან მოლაპარაკებები

პრემიერი: არაფერი საზეიმო Gazprom-თან მიღწეულ შეთანხმებაში არაა

ტაბულა

"ჩვენ არ შეგვიძლია ვიზეიმოთ ეს შედეგი, რაც გვაქვს, იმიტომ რომ საზეიმო არაფერი არ არის", - Gazprom-თან მიღწეულ შეთანხმებაზე პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა. დავოსში მყოფი პრემიერის თქმით, საქართველომ გააკეთა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც "არსებულ კონიუნქტურაში იყო შესაძლებელი".

"ძალიან სამწუხაროა, რასაც ახლა ვუყურებთ ეს დღეებია, იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ Gazprom-თან დაკავშირებით საქართველომ გააკეთა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც არსებულ კონიუნქტურაში და არსებულ პირობებში შეეძლო.

ჩვენ არ შეგვიძლია ვიზეიმოთ ეს შედეგი, რაც გვაქვს, იმიტომ რომ საზეიმო არაფერი არ არის და არ ვიცი, ვინ წარმოაჩინა ეს ასე. კახი კალაძეს ნამდვილად არ წარმოუჩენია ასე და ამის თქმა არის წმინდა წყლის სპეკულაცია.

იმ კონკრეტულ პირობებსა და მოცემულობაში, რომელშიც საქართველო იმყოფება, საქართველომ დაიცვა ქვეყნის ინტერესი და მიაღწია იმ შედეგს, რისი მიღწევაც იყო შესაძლებელი. არავიზე ნაკლებად არ შეგვტკივა გული ქვეყანაზე, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ გაგვაჩნია პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფალთ", - ამბობს კვირიკაშვილი.

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძეს თქმით კი, იმ პირობებში, თუ საქართველო Gazprom-ისგან ისევე ძველი პირობების შენარჩუნებას მოითხოვდა, იყო შანსი, რომ სომხეთის გაზმომარაგება საქართველოს გვერდის ავლით, ირანის მხრიდან დაწყებულიყო.

"რუსეთს დღეს ბუნებრივი აირი შეუძლია მიაწოდოს სომხეთს, ირანის გავლით, სომხეთი არ დარჩება ბუნებრივი აირის გარეშე. ამით ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებდით ძალიან დიდ ზარალს", - ამბობს კალაძე.

არსებული მდგომარეობით, სომხეთი წელიწადში 500 მილიონ კუბურ მეტრ ირანულ გაზს ყიდულობს. ირან-სომხეთს შორის 2009 წელს გახსნილი მილსადენის გამტარიანობა წელიწადში 1 მილიარდი მეტრ კუბია, სომხეთში კი ბუნებრივი აირის მოხმარება 2.1 მილიარდი მეტრ კუბია. ირან-სომხეთის დამაკავშირებელი მილსადენის გამტარიანობის 2.3 მილიარდ მეტრ კუბამდე გაზრდა 2019 წლის შემდგომაა დაგეგმილი, იქამდე კი სომხეთს ამ მოცულობის ირანული გაზის მიღება არ შეუძლია.

ირანსა და სომხეთს შორის დადებული ხელშეკრულება ბარტერულია, სომხეთი თითოეულ იმპორტირებულ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე ვალდებულია, ირანს მიაწოდოს 3 კილოვატ საათი ელექტროენერგია. აღნიშნული ხელშეკრულება 20 წლის ვადითაა დადებული.

კალაძის თქმით, Gazprom-თან დადებული ხელშეკრულება არ გასაჯაროვდება.

საქართველო 2018 წლიდან მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულადი სახით მიიღებს. 2017 წლის მანძილზე კი ისევ ნედლეულით ანაზღაურება მოხდება. ენერგეტიკის მინისტრის კალაძის თქმით, ამ ცვლილებით საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე არ გაიზრდება. ამასთან, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველომ Gazrpom-ისგან ფასდაკლებაც მიიღო - იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობები დასჭირდება, Gazprom-ი ათას კუბურ მეტრს $215-ის ნაცვლად $185-ად მიჰყიდის.

მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით გასულ წელს საქართველოს გავლით სომხეთს დაახლოებით 2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიეწოდა, საიდანაც 0.2 მილიარდი საქართველოში დარჩა.

Gazprom-ი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას გასულ წელსაც სთავაზობდა, თუმცა მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა.

კომენტარები