დონალდ ტრამპის ინაუგურაცია

ტრამპის პრეზიდენტობა დაიწყო: კლიმატის დაცვის აქტის გაუქმება იგეგმება

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში
Reuters

დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი უკვე დაიკავა. თეთრი სახლის საიტზე კი რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა დონალდ ტრამპის ენერგეტიკული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რომელთაგან მთავარი რიგი რეგულაციების, მათ შორის "კლიმატის დაცვის აქტის გაუქმებაა". ტრამპი ენერგოპოლიტიკაში ნახშირზე დამოკიდებულების ზრდის ინიციატივითაც გამოდის.

"ტრამპის ადმინისტრაცია მოწოდებულია იმგვარი ენერგეტიკული პოლიტიკის მხარდასაჭერად, რომელიც მაქსიმალურად იაფია და რომელიც მაქსიმალურად უწყობს ხელს ამერიკული რესურსების გამოყენებას, რის შედეგადაც ჩვენი დამოკიდებულება უცხოურ ნავთობზე შემცირდება.

ძალიან დიდი ხნის მანძილზე ჩვენი ეკონომიკის განვითარებას აფერხებდა რეგულაციათა დიდი რაოდენობა. ტრამპის ადმინისტრაცია მოწოდებულია დამაზიანებელი და არასაჭირო რეგულაციებისა და პროგრამების შემცირებისკენ, როგორიცაა კლიმატის დაცვის აქტი. ამ აკრძალვათა მოხსნით ამერიკაში წარმოებას ხელი შეეწყობა, დასაქმებულთა ხელფასები კი $30 მილიარდით გაიზრდება მომდევნო 7 წლის მანძილზე", - წერია პროგრამაში.

ამავე პროგრამის მიხედვით, აშშ ხელს შეუწყობს ფიქლის ნავთობისა და გაზის წარმოებას, რომლის რეზერვებიც $50 ტრილიონ დოლარს აღემატება. ამ გზით ტრამპის ადმინისტრაცია OPEC-ის ქვეყნებზე დამოკიდებულების შემცირებას გეგმავს.  

დოკუმენტის მიხედვით, რეგულაციების გაუქმება ხელს შეუწყობს "სუფთა ნახშირის ტექნოლოგიის" განვითარებას, რომელიც გასული წლების მანძილზე მკაცრი მოთხოვნების გამო დაღმავლობის გზას ადგა.  

ინაუგურაციისას დონალდ ტრამპმა მთავარი აქცენტი ქვეყანაში "სამუშაოების დაბრუნებაზე" გააკეთა. 

"მრავალი ათწლეულის მანძილზე, ჩვენ ვამდიდრებდით უცხოურ წარმოებას ამერიკული წარმოების ხარჯზე, ჩვენ სამხედრო სუბსიდიებს იღებდნენ სხვა ქვეყნები, ამ დროს კი ჩვენი ჯარი დაღმავლობას განიცდიდა. ვიცავდით სხვა ქვეყნების საზღვრებს, მაშინ როდესაც საკუთარი საზღვრების დაცვას უგულებელვყოფდით.

(ტაში)

იხარჯებოდა ტრილიონობით და ტრილიონობით დოლარი საზღვარგარეთ, ეს კი მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურა ჩანაგდებოდა. ჩვენ გავხადეთ სხვა ქვეყნები მდიდრები, ამასობაში კი ჩვენი ქვეყნის სიძლიერე და სიმდიდრე სადღაც ჰორიზონტს მიღმა გაუჩინარდა.

ერთიმეორის მიყოლებით, ქარხნები იხურებოდა და უცხოეთში გადადიოდა, ეს კი მაშინ, როდესაც მთავრობაში არავინ ფიქრობდა იმაზე, რომ ეს მილიონობით ამერიკელის უმუშევრად დარჩენას იწვევდა. ამის გამო კი ჩვენი საშუალო ფენის სიმდიდრე გაქრა და მსოფლიოს ირგვლივ გადანაწილდა", - აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ტრამპის ინაუგურაციას ვაშინგტონსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ყველაზე მწვავედ ტრამპს ენვაირომენტალისტები აკრიტიკებენ. 
 

კომენტარები