საქართველოს კონსტიტუცია

მარშანია: შევთანხმდით, რომ პარლამენტი თბილისში გადმოვა

ადა მარშანია
საქართველოს პარლამენტი

"შევთანხმდით იმაზე, რომ პარლამენტი თბილისში იმუშავებს და გადმოვა აქ" - საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომის შესახებ ფრაქცია პატრიოტების წევრი ადა მარშანია საუბრობს. მისი თქმით, "როდესაც მივიღებთ კონსტიტუციას, ეს ჩანაწერიც იქნება დამტკიცებული".

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი სოფო კილაძე საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას უარყოფს. მისი თქმით, "გადაწყვეტილებას გეტყვით, როდესაც გვექნება საბოლოო, კონკრეტული, შეჯერებული პოზიცია". კილაძე ასევე აღნიშნავს, რომ "პარლამენტი შესაძლებელია, თბილისში იყოს, შესაძლებელია, ქუთაისშიც იყოს. მე ვერ ვხედავ პრინციპულ განსხვავებას. დრო გვჭირდება მოსაფიქრებლად, ვინაიდან არგუმენტები ორივე ვარიანტს გააჩნია".

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა დღეს გაიმართა. საპარლამენტო უმრავლესობამ, უმცირესობამ, ოპოზიციამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველმა რამდენიმე საკითხზე იმსჯელა. მათ შორის იყო, კონსტიტუციის პრეამბულაში საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე ჩანაწერის გაკეთება, რამაც კამათი გამოიწვია. კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის თქმით, კომისიის წევრების პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით, ორ ნაწილად გაიყო. თავად მენაბდე მიიჩნევს, რომ ევროატლანტიკური მისწრაფების კონსტიტუციით განსაზღვრაზე, უფრო ფართო დისკუსიაა საჭირო. 

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატის ადა მარშანიას თქმით, კონსტიტუციაში ამდაგვარი ჩანაწერის გაკეთება არ არის "ნორმალური". ქართული ოცნების წევრი მანანა კობახიძე კი აღნიშნავს, რომ სამუშაო ჯგუფი ამ საკითხს მიუბრუნდება.

"ეს მხოლოდ ჩვენთვის არ არის მიუღებელი. არ არის ნორმალური არც პოლიტიკური და არც იურიდიული თვალსაზრისით, რომ ამდაგვარი ჩანაწერი გაჩნდეს კონსტიტუციაში" - ამბობს მარშანია.

"ყველა ვთანხმდებით და დღესაც დაფიქსირდა პოზიცია, რომ ქვეყნის საგარეო კურსი არის ძალიან ცხადი და მკაფიო. საუბარია იმაზე, რამდენად საჭიროა, ამის კონსტიტუციაში ჩაწერა. გადაწყვეტილება არ მიღებულა, ჩვენ დავუბრუნდებით ამ საკითხს, ვნახავთ, როგორია პრაქტიკა სხვა ქვეყნებში, გავიაზრებთ იურიდიულად, პოლიტიკურად, გნებავთ, მეცნიერულად და დავუბრუნდებით ამ საკითხს, რამე გადაწყვეტილება ამ თემაზე დღეს მიღებული არ არის" - თქვა მანანა კობახიძემ.

კომენტარები