საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

მეუფე სერაფიმე: ნათელი გახდა, რომ უმჯობესია გავერიდო არსებულ სიტუაციას

მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა

ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტი, სერაფიმე ჯოჯუა, რომელიც ცოტა ხნის წინ ავსტრიისა და გერმანიის მმართველ ეპისკოპოსად დაინიშნა, სასულიერო პირთა ნაწილის პროტესტის შემდეგ უარს ამბობს ახალ ეპარქიაში გამგზავრებაზე. 

"ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ნათელი გახადა ჩემთვის, რომ უმჯობესია გავერიდო არსებულ სიტუაციას, რადგან ჩემთან დაკავშირებული გარკვეული ქმედებები ხდება მიზეზი ეკლესიაში შფოთის შემოტანისა და დაპირისპირების ახალი კერების გაჩენისა; ამიტომაც უარს ვამბობ გერმანიის და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე. მსურს ჩემთვის ვიყო და ვილოცო.

მე მადლობას ვუხდი ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის ყველა სასულიერო პირს და მრევლს, მიუხედავად მათი პოზიციისა და ყველას გთხოვთ: დღეს ჩემი მხარდაჭერა არის ყოველგვარი მიტინგებისა და გამოსვლებისგან თავის შეკავება, ხოლო ვინც საპირისპიროდ მოქმედებს და გააკეთებს, ზიანს მოუტანს ყველას.

ჩვენ ყველანი უნდა დავრჩეთ საქართველოს ეკლესიის ერთგულ შვილებად და ამისთვის თითოეულმა ჩვენთაგანმა თავისი ნაბიჯი უნდა გადადგას“, - წერს მიტროპოლიტი სერაფიმე.

 

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის, სერაფიმე ჯოჯუას გერმანიისა და ავსტრიის მმართველ ეპისკოპოსად გადაყვანას, ამავე ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი აპროტესტებს. განცხადება სამმა მღვდელმა გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი არ აპირებენ დაექვემდებარონ ახლად დანიშნულ მიტროპოლიტს.

კომენტარები