საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

საფრანგეთის სოციალისტური პარტიის მეორე ტურში ბენუა ამონი და მანუელ ვალსი გავიდნენ

AFP

გუშინ საფრანგეთში სოციალისტური პარტიის პრაიმერის პირველი ტური გაიმართა.

პრაიმერის პირველ ტურში განათლების ყოფილმა მინისტრმა, ბენუა ამონმა ხმების 36.2% მიიღო, ექსპრემიერმა მანუელ ვალსმა 31.2%, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა არნო მონტებურმა კი 17.6%.

შესაბამისად, პრაიმერის მეორე ტურში ბენუა ამონი და მანუელ ვალსი მიიღებენ მონაწილეობას.

მანუელ ვალსის თქმით, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და ის მოხარულია, რომ ბენუა ამონს დაუპირისპირდება. მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის მას მეტი შანსი აქვს, ვიდრე ამონს.

"ამომრჩევლებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება აშკარა მარცხსა და შესაძლო გამარჯვებას შორის", - თქვა ვალსმა. 

საფრანგეთის სოციალისტური პარტიის პრაიმერის მეორე ტური 29 იანვარს გაიმართება.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართება, სადაც სამი მთავარი კანდიდატი - ფრანსუა ფიიონი, მარინ ლე პენი და ამონსა და ვალსს შორის გამარჯვებული - იქნება.

 

კომენტარები