გიორგი ცერცვაძის დაკავება

ენმ ვიცეპოლკოვნიკ ცერცვაძის დაკავებასთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმას აცხადებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ ქართველი სამხედროს, გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ქმედება სახელმწიფო ინტერესების ღალატი და აბუჩად აგდებაა. ამის შესახებ პარტიაში დღეს საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

„ცხადია, რომ ეს არის სახელმწიფო ღალატისა და მოქალაქეების ინტერესების აბუჩად აგდების კლასიკური მაგალითი. ივანიშვილის ხელისუფლება უსწორდება და აქვს სადამსჯელო ოპერაცია გაჩაღებული ქართველი მებრძოლების, პატრიოტი ადამიანების წინააღმდეგ პუტინისა და რუსეთის დაკვეთით“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას უნდა გაეფრთხილებინა ჯარისკაცი რუსეთის ფედერაციაში აღძრული სისხლის სამართლის საქმის შესახებ.

„საქართველოს მთავრობა იყენებს ე.წ. ხრიკს. ვინაიდან, მათ უშუალოდ არ შეუძლიათ ამ მებრძოლების პირდაპირ გადაცემა რუსეთისთვის, არ გააფრთხილეს ისინი, რომ რუსეთის ფედერაციას აღძრული აქვს სისხლის სამართლის საქმე მათ წინააღმდეგ. დატოვა რა საქართველოს ტერიტორია ვიცეპოლკოვნიკმა ცერცვაძემ, დააკავეს უკრაინაში. ეს არის ძალიან მზაკვრული ხრიკი, რომელიც ხორციელდება ჩვენი თანამოქალაქეების, ჩვენი მებრძოლების და ძალიან ვაჟკაცი ადამიანების წინააღმდეგ“, - აცხადებს დეკანოიძე.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ აქვთ კონკრეტულ გეგმა იმისათვის, რათა „ხელისუფლება იძულებული გახდეს, როგორც ცერცვაძის შემთხვევაში, ასევე მომავალში თავი შეიკავოს რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობისგან“.

გეგმა ითვალიწინებს გიორგი ცერცვაძის სრულ პოლიტიკურ და სამართლებრივ მხარდაჭერას როგორც საქარათველოში, ასევე უკრაინაში. გარდა ამისა, პარტია მიიჩნევს, რომ უკრაინის მხრიდან ქართველი ჯარისკაცის რუსეთისთვის გადაცემა დაუშვებელია და შესაბამისი წინადადებით მიმართავს საქართველოში უკრაინის საელჩოს.

ასევე, ნაციონალური მოძრაობა მიმართავს პროკურატურას, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით (უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება).

პარტია გეგმავს გამაფრთხილებელი საპროტესტო აქციების მოწყობას. ასევე, აპირებს აცნობოს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეების დევნის დაწყებას და ექსტრადირებას რუსეთის ფედერაციაში.

ენმ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასაც მოითხოვს, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოებისთვის მებრძოლი ადამიანების რუსეთის ფედერაციისათვის გადაცემის ფაქტებზე იმუშავებს.

ქართველი ჯარისკაცი, გიორგი ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის მოთხოვნით დაკავებულია და კიევის ციხეში ზის. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართველი სამხედროს პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან აღმოჩნდა. ცერცვაძეს რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს, თუმცა მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წელს გამოცხადდა.

ბრალდებებისთვის ამ დრომდე არცერთ უწყებას არ უპასუხია. ტაბულა შეეცდება მათთან დაკაშირებას და ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით. 

კომენტარები