ვენესუელა

ნიკოლას მადურომ ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი გაათავისუფლა

ნელსონ მერენტესი,
REUTERS

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ქვეყნის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ნელსონ მერენტესი გაათავისუფლა. გათავისუფლების მიზეზი ეროვნული ვალუტის - ბოლივარის ჰიპერინფლაცია და მძიმე ეკონომიკური კრიზისია. 

სავალუტო ფონდის მონაცემებით, წელს ქვეყანაში 1 660%-ზე მაღალი ინფლაციაა მოსალოდნელი, ეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ქვეყანაში არსებულ ვითარებას სოციალისტი ნიკოლას მადური "კატასტროფულს" უწოდებს.

მერენტესი გასული წლების მანძილზე პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მუდმივ ზეწოლას განიცდიდა. 

ნიკოლას მადურომ ისიც განაცხადა, რომ ქვეყნის ცენტრალურ ბანკს მთავრობის ნებართვით მიეცა უფლება, სესხები საჯარო და კერძო სექტორზე გასცეს.

ქვეყანაში ყველაზე მაღალი დენომინაციის ფული - 100 ბოლივარიანი ბანკნოტები, დაახლოებით ორი თვის წინ გაუქმდა. 

მადურო ბანკნოტის გაუქმებისას აცხადებდა, რომ ბრაზილიასა და კოლუმბიაში მილიარდობით ღირებულების 100-ბოლივარიან ბანკნოტს ვენესუელისთვის "ზიანის მიყენების" მიზნით ინახავდნენ.

ცენტრალური ბანკის მომავალი პრეზიდენტი რიკარდო სანგუინო იქნება. სანგუინო იზიარებს ნიკოლას მადუროს პოზიციას, რომ ქვეყანაში არსებული უმძიმესი ვითარება დასავლეთის მტრული პოლიტიკის გამოწვეულია.

ვენესუელა ენერგეტიკული რესურსებით ერთ-ერთი უმდიდრესია, ამის მიუხედავად, ქვეყანაში კრიზისია, მათ შორის - ენერგოკრიზისიც. საერთაშორისო ენერეგტიკული სააგენტოს ინფორმაციით, IEA ვენესუელა ნავთობის მარაგებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. 

  1. ვენესუელა - 297 მილიარდი ბარელი ნავთობი
  2. საუდის არაბეთი - 268 მილიარდი ბარელი ნავთობი
  3. კანადა - 173 მილიარდი ბარელი ნავთობი
  4. ირანი - 157 მილიარდი ბარელი ნავთობი
  5. ერაყი - 140 მილიარდი ბარელი ნავთობი

ვენესუელის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, წლების მანძილზე წარმოებულ არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, ნავთობის მსოფლიო ფასების შემცირებას უკავშირდება, რის გამოც ნავთობის ექსპორტისგან მიღებული სავალუტო შემოდინებები შემცირებულია. 

ვენესუელაში უკვე წლებია, რაც მთელ რიგ სამომხმარებლო პროდუქტებზე, როგორიცაა რძე, ხორცი, კვერცხი, დეფიციტი შეინიშნება. სამომხმარებლო საქონლის დეფიციტის მიზეზი საკანონმდებლო და არასაკანონმდებლო ბარიერებია, რომელთა გამოც ქვეყნის კერძო სექტორი ბაზარს სათანადო რაოდენობის პროდუქციით ვერ ამარაგებს. ვენესუელაში ისეთი პროდუქტებიც კი დეფიციტურია, როგორიცაა ტუალეტის ქაღალდი და პრეზერვატივი.

კომენტარები