კომერციული ბანკები

ეროვნული ბანკი: ქართული ბანკების სიჯანსაღეში ეჭვის შეტანა საფუძველს მოკლებულია

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი
archiaward.com

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების მდგრადობასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გაავრცელა. რომლის მიხედვითაც "ცალკეული ექსპერტების განცხადებები, თითქოს სავალუტო ბაზარზე შექმნილმა ვითარებამ საბანკო სექტორში ფუნდამენტური პრობლემები გააჩინა" საფუძველს მოკლებულია.

ეროვნული ბანკი: რეფინანსირების სესხებსა და საბანკო სისტემის სიჯანსაღეს შორის ნეგატიური კავშირი საფუძველს მოკლებულია

"ბოლო პერიოდში ცალკელული ექსპერტებს მიერ გამოითქვა მოსაზრება, რომ სავალუტო ბაზარზე შექმნილმა ვითარებამ ქართულ საბანკო სექტორში ფუნდამენტური პრობლემები წარმოაჩინა და რომ ამ პრობლემის არსებობას რეფინანსირების სესხების ბოლოდროინდელი ზრდა ადასტურებს.

მიუხედავად ვალუტის კურსის გაუფასურებისა, ქართულ საბანკო სექტორში აქტივების ხარისხი მნიშვნელოვნად არ გაუარესებულა და უმოქმედო სესხების წილი სასესხო პორთფელში მატერიალურად არ შეცვლილა. მომგებიანობის, კაპიტალიზაციის და ლიკვიდობის კუთხით არსებული მაჩვენებლები კი სექტორის სიჯანსაღეზე მიუთითებს. დეტალური სტატისტიკა, როგორც აგრეგირებული ასევე კომერციული ბანკების დონეზე, პერიოდულად ქვეყნდება სებ-ის ვებგვერდზე და მათი გაცნობა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.

დამატებით, წამყვანი ქართული ბანკების გადახდისუნარიანობას რეგულარულად აფასებენ საერთაშორისოდ აღიარებული სარეიტინგო სააგენტოები, რომელთა შეფასებითაც ყველა ამ ბანკის რეიტინგი ქვეყნის რეიტინგთან ახლოსაა. ამასთან თითოეული ბანკი პრუდენციული რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშაა საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან, რომლის მიდგომებიც შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და პოზიტიურადაა შეფასებული საერთაშორისო სავალუტო ფონდისა თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

ამგვარად, ქართული ბანკების სიჯანსაღეში ეჭვის შეტანა უარგუმენტო და საფუძველს მოკლებულია", - წერია სებ-ის განცხადებაში.

ეროვნულმა ბანკმა გასულ კვირიაში 1.25 მილიარდის მოცულობის 7 დღიანი რეფინანსირების სესხი გასცა. ამ თანხას კომერციული ბანკები მოკლევადიანი ლიკვიდობის შესავსებად იყენებენ, სესხის განაკვეთი დაახლოებით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ტოლია.

კომენტარები